„ქვეყნის ისტორია ასეთი შენაძენით მდიდრდება და მრავალფეროვნდება“
წიგნი ,,კვიახიძეები“
აჭარა-შავშეთის ქედის ერთ კალთაზეა განფენილი სოფელი კვიახიძეები, რომლის მკვიდრია სოფლის სკოლის დირექტორი, სერტიფიცირებული პედაგოგი, 60 წელს გადაცილებული თამაზ დიასამიძე.

ქართულ სიტყვასთან შეჭიდულმა ლექსების კრებულის ავტორმა, თავისი შემოქმედება წიგნით „კვიახიძეები“ გაამდიდრა. იგი მიუკერძოებლად წარმოაჩენს სოფლის წარსულსა და დღევანდელობას, აქ მცხოვრებთა გენეალოგიას, ტოპონიმებს. ავტორი შეეცადა, მშობლიური სოფლის მაგალითზე ერთგვარად აესახა კუთხის ცხოვრების დინამიკა, კულტურა, ტრადიციები, დიალექტის თავისებურება, ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები: სიყვარული, მეგობრობა, კაცთმოყვარეობა, სიხარული, ტკივილი, სევდა, იუმორი. წიგნში უხვადაა წარმოდგენილი ინდივიდუალური თუ ჯგუფური, აქაურთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტოები. ავტორი ცდილობს, დავიწყებას არ მიეცეს მთის ტრადიციები და კულტურა, რაც დღემდე შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. იგი პრეტენზიას არ აცხადებს წიგნში წარმოდგენილი მასალის სრულყოფილებაზე, ძირითადად ეყრდნობა უხუცესი ადამიანების მოგონებებსა და მონათხრობებს. მხატვრულ მხარესაც გვერდს არ უვლის და ახერხებს კიდეც მშობლიური კუთხის ხატოვნად აღწერს, მკითხველისთვის საკუთარი თვალით დანახული სამყაროს გაცნობას.

წიგნი თემატურადაც მრავალფეროვანია. თამაზ დიასამიძემ კვიახიძელთა იუმორი, მოგონებები, ცნობილი ადამიანების ჩანაწერები გააცოცხლა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქვესათაური ,,ტრადიციების სოფელი“. აქ დეტალურადაა ასახული აჭარის მთიანეთის ტრადიციები: ქორწილი, პატარძლისათვის ,,სადილის მიტანა“, ,,აკვნის მიტანა“, „შუამთობა“. ეს დღესასწაული ავტორმა საკუთარ ლექსშიც ასახა.
წიგნში სამზეოზეა გამოტანილი სოფლის წარსული და დღევანდელობა, ის გაუსაძლისი ხანა, რომელიც ოსმალოთა სამასწლიანმა ბატონობამ ამ კუთხეს არგუნა. ავტორმა არც კომუნისტური ეპოქის მანკიერება დატოვა შეუფასებელი, ქვესაუთაურში – ,,ტრაგედიები უცხოთა ხელით“, მოთხრობილია, თუ როგორ იმსხვერპლა რუსი მესაზღვრის მიერ ,,შემთხვევით“ გასროლილმა ტყვიამ აქაური 18 წლის ახალგაზრდა შაქირ დიასამიძე, ასევე სოფელში განლაგებული სასაზღვრო საგუშაგოს უფროსის სიმთვრალეს როგორ შეეწირა 12 წლის შახზად ფუტკარაძის სიცოცხლე…
ავტორი წიგნზე მუშაობისას ცდილობდა, არ გამორჩენოდა მშობლიურ კვიახიძეებთან დაკავშირებული. არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი. „კვიახიძეები“ მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული სოფლის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის, იგი ასევე კარგ დახმარებას გაუწევს სოფლის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს.
გვჯერა, ამ წიგნით ავტორმა უკვდავყო ეს უძველესი სოფელი და მის მკვიდრთა სახელები.
წიგნი ,,კვიახიძეები“ შპს ,,საზღვაო სტამბაში“ დაიბეჭდა.
ოთარ ცინარიძე