ქართული „როუდშოუები“ პარიზში
By

ქართული „როუდშოუები“ პარიზში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, წელს საფრანგეთში ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გაიმართა, კერძოდ, საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, პარიზსა და ლიონში „როუდშოუები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად და საქართველოში ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად.

„როუდშოუებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო. ფრანგული ტურისტული კომპანიების თანამშრომლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ.

„როუდშოუებს“ წარმატებულად აფასებენ ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ფრანგ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია საფრანგეთში მთელი წელია გრძელდება, კამპანია საფრანგეთის ქალაქებში გარე რეკლამას, სატელევიზიო სიუჟეტებს, სოციალურ ქსელებში რეკლამასა და ონლაინმედიაში სტატიებსაც მოიცავს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ფრანგული მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტურები მოეწყო.

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია, საფრანგეთთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

მთელი წლის განმავლობაში, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები იყო მოწყობილი, რაც ხელს უწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე, ბიზნესთანამშრომლობის დამყარებას.

ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებსა და „როუდშოუებს“ გულისხმობს ევროპის 30-ზე მეტ ქალაქში.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართა. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ ინტერვიუები, სატელევიზიო სიუჟეტი, რადიოგადაცემები, გარე რეკლამები, ასევე, ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდა.

„როუდშოუები“ ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი. კამპანია მოიცავს გაცნობით და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში. კამპანიის ფარგლებში, ყოველთვიურად შედგა კომუნიკაცია 20-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართა ვორკშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *