დიპლომატიური გზაჯვარედინი – ზელენსკი, ტრამპი და ევროკავშირის პასუხი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებით, არჩევნების ან რეფერენდუმის გზით, უნდა განისაზღვროს. მისი თქმით, უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი და სამხედრო პროცესების შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე: „ბევრი რამ ჩვენს ჯარზეა დამოკიდებული, სად შეძლებენ უკრაინელი სამხედროები დგომას და ოკუპანტის შეკავებას. ეს მთლიან დიპლომატიურ კონსტრუქციას განსაზღვრავს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ამ ფონზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „ძალიან ახლოს“ იყო შეთანხმების მიღწევასთან როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. მისი თქმით, ზელენსკის გარდა, უკრაინული მხარე შეთანხმების კონცეფციას დადებითად უყურებს, ხოლო 13 დეკემბერს ევროპაში დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა წინაპირობა გახდეს ომის დასრულების რეალური შანსის გამოსაკვეთად. „არ გვინდა დროის დაკარგვა. გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – აცხადებს ტრამპი და მკაცრად აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიმდინარე კონფლიქტებმა „მსოფლიო ომებამდე“ შეიძლება მიიყვანოს.
ამავე დროს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის პოზიციებსა და აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი არ უნდა ჩაერიოს ევროპის შიდა დემოკრატიულ პროცესებში. მისი თქმით, „ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, ამომრჩევლის სუვერენიტეტით წყდება და არავინ უნდა ჩაერიოს“. ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-თან „მუშაობის კარგი ტრადიცია“ ყოველთვის არსებობდა, თუმცა ევროკავშირმა საკუთარი ძალა, შესაძლებლობები და ერთიანობა თავად უნდა განსაზღვროს: „მოდით, დავიცვათ გაერთიანებული ევროპა. ეს ჩვენი ამოცანაა“, – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში კი დასკვნები მკვეთრია – დოკუმენტი ევროპას მომდევნო ორ ათწლეულში „ცივილიზაციური განადგურების“ საფრთხეზე აფრთხილებს და ევროპული ინსტიტუტების მიერ ულტრამემარჯვენე ძალების შეზღუდვის მცდელობებს პოლიტიკური ცენზურის ნიშნად მიიჩნევს.
გალერეა

