სილვია ცოიუ: გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
,,რუმინეთი პირველი ქვეყანა იყო ევროკავშირიდან, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი მოაწერა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას, რადგან გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქვეყნის მოქალაქეები იბრძვიან და მათ ამ პროცესში მეტი წვლილი შეაქვთ, ვიდრე ინსტიტუტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც ქართული საზოგადოების მედეგობის მანიშნებელია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი და გავაგრძელოთ საქართველოს ევროპულ გზაზე ინვესტიცია. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რუმინეთისთვის? ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და ერთ მხარეს ყოფნა, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას და ამიტომაც შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენების განვითარებით საქართველოში“.