90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის რეალური შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
„პროექტის განხორციელება მთავრობის თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი რეალური შედეგია. ჩვენთვის პრიორიტეტია მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, 2 000-ზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა.
„სოციალური სახლების მშენებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა. ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს. კერძოდ, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2026 წელს კი ქედაშიც დაგეგმილი გვაქვს სოციალური სახლის მშენებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონის განვითარებას პასუხისმგებლიანი, პრინციპული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკით“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.