შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი
„ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელთაც გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ხომ არ გვაქვს ადგილი ორმაგ სტანდარტთან მაშინ, როდესაც გაეროს რეზოლუციაზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველომ, აზერბაიჯანი და სომხეთი არცკი იმყოფებოდნენ ჰააგაში, თუმცა სომხეთის გაწევრიანებაზე საუბრობენ ევროკავშირში და საქართველოს აკრიტიკებენ“, პაპუაშვილმა უპასუხა:
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა ასე იქცევა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების განხილვაში ვერ შევალ. საქართველოს პოზიცია გასაკვირი მხოლოდ ერთი რამის გამო შეიძლება იყოს. გასაკვირი იყოს იმ მტრულ ფონზე, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებს ხელისუფლება და პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის ამ მტრული პოლიტიკის ფონზე, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაინც რატომ იქცევა ასე და მხარს უჭერს ამგვარ გადაწყვეტილებებს. ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელთაც გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ“.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ დაუჭირა.