2025 წლის პოლიტიკური მოზაიკა
2025 წელი საქართველოსთვის აქტიური პოლიტიკური მოვლენებით იყო გამორჩეული: მთელი წლის განმავლობაში დედაქალაქში, პარლამენტის წინ აქციები იმართებოდა, დროდადრო – ხალხმრავალიც… ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ნაწილმა მიიღო მონაწილეობა, რამაც ოპოზიციური სპექტრი ერთმანეთს დააპირისპირა. გარდა ამისა, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს საგამოძიებო კომისიაში (პარლამენტის მიერ შექმნილი) არმონაწილეობის გამო. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული ძალების გაუქმების შესახებ, გახარიას პარტია პარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა, რაც, ექსპერტთა აზრით, მოსალოდნელი იყო მრავალ მიზეზთა გამო. უპირველესად კი იმიტომ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, აღსანიშნავია ევროკომისიის მკაცრი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისადმი, თავის მხრივ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა და სუვერენიტეტი… ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საჯარო მმართველობის დოქტორი, ბსუ-ის ლექტორი გიგა ფარტენაძე.
– თავდაპირველად, საშინაო პოლიტიკაზე ვისაუბროთ – 2025 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით რით იყო გამორჩეული?
– 2025 წელი საქართველოსთვის გამორჩეული იყო რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პროცესით. პირველი – დემოკრატიული უკუსვლის ინსტიტუციური გამყარება, რაც გამოიხატა ძალაუფლების კონცენტრაციის მცდელობებში, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებასა და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვაში. მეორე – საპროტესტო მუხტის ერთწლიანი მდგრადობა, რომელმაც აჩვენა, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ღირებულებით და არა სპონტანურ ხასიათს ატარებს. მესამე და უმთავრესი – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, რაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემად იქცა. ასევე, შეგვიძლია გამოვყოთ „ქართული ოცნების“ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და მათ მიმართ სისხლის სამართლის წესით ბრალდებების წაყენება-გასამართლება. ამ პროცესებს წლის მიწურულს დაემატა განათლების ახალი რეფორმის ინიცირება, რომელმაც აქტიური საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რეფორმის საბოლოო კონფიგურაცია ჯერ უცნობია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მისი პირდაპირი და ირიბი მიზანი განათლების სისტემის გაძლიერება იყოს. ნებისმიერ რეფორმას თან ახლავს გარკვეული „ტკივილი“, თუმცა მისი შედეგი ორმაგად უნდა ამსუბუქებდეს, აჯანსაღებდეს და აძლიერებდეს თავად რეფორმის მისიას. თუ განათლების რეფორმა პოლიტიკური ბერკეტების გამოყენების ინსტრუმენტად იქცევა, იგი ვერ ჩაითვლება წარმატებულად და, პირიქით, დააზიანებს როგორც აკადემიურ თავისუფლებას, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
– მნიშვნელოვანი თემები ჩამოთვალეთ, ამ მხრივ, ყველაზე უმნიშვნელოვანესი რა საკითხები იყო საყურადღებო და, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებებს როგორ შეაფასებდით?
– პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო იყო: მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდი ზეწოლა; სასამართლო სისტემის პოლიტიზაცია; ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება; განათლების რეფორმის გარშემო შექმნილი გაურკვევლობა. ხელისუფლების მოქმედებები ამ საკითხებში ხშირად იყო არათანმიმდევრული და არაკონსულტაციური, რაც ამცირებდა რეფორმების ლეგიტიმაციას. განათლების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა არ გახდეს აკადემიური პერსონალის, საგანმანათლებლო დაწესებულებების ან სტუდენტების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ინსტრუმენტი – ასეთ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯის რეაბილიტაციას ათწლეულები დასჭირდება, ოპოზიცია კი, მიუხედავად სწორი შეფასებებისა, ბევრ საკითხში ვერ ახერხებდა ერთიანი სტრატეგიული დღის წესრიგის ფორმირებას.
– რას ფიქრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დემოკრატიული უკუსვლის გარშემო შეუთანხმებლობაზე?
– ეს უკვე აღარ არის ტექნიკური უთანხმოება, ეს ფუნდამენტური ღირებულებითი დაპირისპირებაა. ხელისუფლება პრობლემის არსებობას უარყოფს, ოპოზიცია კი მას ფაქტებით ასაბუთებს, რაც დიალოგს, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის.
– საპროტესტო მუხტზე ვისაუბროთ, რა ცხადყო აქციებმა და რა სტადიაშია პროცესი?
– აქციებმა ცხადყო, რომ საზოგადოება არ ეთანხმება დემოკრატიის უკუსვლას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების მცდელობას. ერთწლიანმა პროტესტმა აჩვენა, რომ ეს არის სტაბილური ღირებულებითი პოზიცია. სწორედ ამ მუხტის დამსახურებაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დღემდე ინარჩუნებს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერას, მიუხედავად ხელისუფლების პოლიტიკისა.
– საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების მოთხოვნა რისი მანიშნებელია?
– ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ დემოკრატიის ძალა განსხვავებული აზრის არსებობაშია და არა მის ჩახშობაში. პარტიების აკრძალვის პრაქტიკა აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ასუსტებს მმართველობის ლეგიტიმაციას.
– რა სტადიაშია ამჟამად ოპოზიცია?
– ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია: ნაწილი ლიდერების ციხეშია, ნაწილი კი, ფაქტობრივად, დევნაში. ამასთან, არსებობს ახალი ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ შედიან „ასაკრძალთა სიაში“, თუმცა ჯერ არ ფლობენ იმ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რომელიც რეალური პოლიტიკური ამინდის შეცვლას უზრუნველყოფდა.
– საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე როგორია თქვენი შეფასება?
– 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხელისუფლებამ ფუნდამენტურად შეცვალა რიტორიკა. უკრაინის ომმა, ფაქტობრივად, ფარდა ახადა ოფიციალური საქართველოს რეალურ პოლიტიკურ კურსს. ამის შედეგია: დაპაუზებული ევროპული ინტეგრაცია, პოლიტიკოსების პატიმრობა, მედიის წარმომადგენლებისა და პარტიის ლიდერების დევნა. ამ ყველაფრის ფონზე რას უნდა ველოდოთ?!
– სანქციებზე საუბარი და ევროკომისიის გზავნილები რას ცხადყოფს?
– ეს გზავნილები და სანქციების დაწესება ასე რეალური არასდროს ყოფილა, შეიძლება ითქვას, ეს ბოლო გაფრთხილებაა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურია მათი დაწესება. ყველანი კარგად ვხედავთ რუსეთისთვის დაწესებულ უმძიმეს სანქციებს, მაგრამ შეძლეს ადაპტირება არსებულ გარემოსთან, სწორედ ამიტომ ევროკავშირი უნდა ფიქრობდეს ისეთი ბერკეტების ამოქმედებაზეც, რომელსაც რეალური შედეგები ექნება. ამასთან, მნიშვნელოვანია, თავად ევროკავშირმაც გადახედოს გადაწყვეტილების მიღების ზედმეტად ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რადგან ეს სკეპტიციზმს აჩენს იმ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ევროკავშირში ინტეგრაცია ღირებულებითი არჩევანია.
– რას ფიქრობთ აშშ–ის 2025 წლის ახალ უსაფრთხოების კონცეფციაზე?
– აშშ-ის 2025 წლის უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება რამდენიმე ძირითად აქცენტს: დემოკრატიული სახელმწიფოების გაძლიერებას; ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას; ავტორიტარული ძალების შეკავებას. საქართველოსთვის ეს ნიშნავს მკაფიო არჩევანს: დემოკრატია როგორც უსაფრთხოების საფუძველი.
– „დიდი ხუთეულის“ იდეაზე რას გვეტყვით?
– ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები, ერთიანი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული ავტონომია. რუსეთის ამბიციების შეკავება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი, მტკიცე და ღირებულებით გამართული პოლიტიკით.
– განსაზღვრავს თუ არა რუსეთ–უკრაინის ომის შედეგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბედს?
– განსაზღვრავს, თუმცა არა – რუსეთმა, არამედ დასავლეთის, ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს ეს. ისტორია ნათლად გვიჩვენებს, სად არის აგრესია და სად მშვიდობა.
– რას ელოდებით 2026 წელს?
– პროგნოზირება რთულია. რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, დასკვნით ფაზაში შევა და გაჩნდება ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები. ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც, თუმცა ჩვენი გამოწვევები შიდა პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა. საქართველო უნდა დავაბრუნოთ ევროპულ დღის წესრიგში და აღვადგინოთ ყველა ჩატეხილი ხიდი.
ლაშა ხომერიკი