„იმ სიხარულის გამეორებას ვისურვებდი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მქონდა“
პოეტი, პროფესიონალი ბიბლიოთეკარი, თემის ყოფილი ხელმძღვანელი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, სამი ვაჟის დედა – ასე იცნობს საზოგადოება შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოში დაბადებულ ნერიმან დიასამიძეს. იუბილარი ქალბატონი ჩვენი სტუმარია.
– ქალბატონო ნერიმან, როგორც ვიცი, ბებია-ბაბუამ გაგზარდათ. . .
– დიახ, ნამდვილად ასეა, ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ, რომელიმეს დავეტუქსე. ბავშვების აღზრდის სანიმუშო მეთოდები ჰქონდათ. სახლში ბებიას ვიყავი მიკედლებული, გარეთ-ბაბუას. პირველი შვილიშვილი ვიყავი, და გამორჩეულად მანებივრებდნენ. შიში რა იყო, არ ვიცოდი, რაც ძალიან ახარებდათ. ბებია შვილებს, შვილიშვილებს განსაკუთრებულად გვეფერებოდა. შვილი რომ გარდაეცვალა, ლოგინად ჩავარდა, წამალსაც პირი აღარ დააკარა და მე-14 დღეს თვითონაც უფალს ჩაბარდა. დღემდე, სოფელს რომ არ ვტოვებ, ამით მგონია, მათ სულებს ვახარებ.
– ერთხელ აღნიშნეთ, ასაკს არ ვმალავო.
– ადამიანები წუთისოფელში მართლაც წუთიერად მოვდივართ. კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, 27 წელია კეთილთვისებიანი ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მიხარია, 65 წელს რომ მივაღწიე. დაბადებიდან დაწყებული, ჩემი ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის შერკინებაა, ამიტომ წლებს განძად მივიჩნევ.
– ოჯახი როგორ შექმენით?
– მაჭანკლობით. გაგიკვირდებათ და მაჭანკლობასაც თავისი ხიბლი ჰქონდა. სარძლოდ მამამთილმა ტარიელ ფუტკარაძემ ამომირჩია. დამნიშნეს ისე, რომ საქმროს სახელიც არ ვიცოდი… ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ისეთი წუნია და მიუკარებელი ვიყავი, საკუთარი ოჯახი საერთოდ არ მექნებოდა.
– მეუღლე შოთა ფუტკარაძე სპეციალობით ავტოინჟინერია, საპასუხისმგებლო სამსახურები ებარა. შვილებზე ზრუნვისთვის ძალიან მცირე დრო გრჩებოდათ…
– შუახევის რაიონული ბიბლიოთეკის მეთოდისტი ვიყავი. სოფლებში გასვლა ხშირად მიწევდა. ბათუმში წიგნების მისაღებადაც დავდიოდი, უმაღლეს განათლებასაც დაუსწრებლად ვეუფლებოდი, კულტურის განყოფილებაში ახალგაზრდების ლიდერობაც მანდეს… ერთი სიტყვით, შვილებისთვის არ გვეცალა, ორივე „კომუნიზმს ვაშენებდით“. დღეს უკვე შვილიშვილებს ვეფერებით. პირველი ვაჟის შვილები – შოთიკო და ნასტასია უკვე დიდები არიან, ტყუპები – გიგლა და გელა დასაოჯახებელი მყავს, არ მაღირსეს პატარები.
– თქვენი ლექსი, რომელსაც შვილიშვილი კითხულობს?
– პატარობისას, ნასტასია, რომელიც უკრაინის „ნიჭიერის“ გამარჯვებულია, კითხულობდა ჩემ მიერ თარგმნილ ლექსს, რომელიც ბებია-შვილიშვილის ურთიერთობას ასახავდა.
– აჭარაში გადარჩენილ ქართულ ენასა და მრწამზე რას იტყვით?
– ჩვენმა წინაპრებმა რასაც გაუძლეს, ალბათ ამის ანალოგი არცერთ დაპყრობილ ქვეყნასა და კუთხეს არ აქვს, ენა, რომელიც არის საფუძველი ეროვნებისა, ქვეყნისა და სახელმწიფოსი, ლამის წაგვართვეს, ამოგვგლიჯეს. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით, ენას აძრობდნენ იმას, ვინც ქართულად დაილაპარაკებდა. აქედან არის დარჩენილი ე.წ. მუქარა – გაფრთხილება: -,,არ თქვა, თვარა ენას ამოგაძრობო“. წიგნი, რომელიც ვერ წავიკითხე ბოლომდე იმის გამო, რომ გული ამიჩქარდა, ზაქარია ჭიჭინაძის „ქართველთა გამუსლიმებაა“. „სამწუხაროდ, დღესაც იგივე მეორდება, მაგრამ არა ხმლით, არამედ ფულით…
– დედმამიშვილების გულის მოსაგებად ლექსი თუ დაგიწერიათ?
– როგორ არა. დედმამიშვილები მპატრონობენ, ჩემზე ზრუნავენ, მეც ტკბილი და თბილი სიტყვებით ვეფერები.
– მრავალი ლექსის ავტორი ხართ. წიგნის გამოცემას რატომ აგვიანებთ?
– ლექსების რა მოგახსენოთ, მაგრამ შოთა ქურიძის პუბლიცისტიკა, რომელიც ჩემი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო, მინდა წარმოვაჩინო და წიგნად გამოვცე. ტყუპი შვილების ოინებზე მაქვს მასალები და მათ გამოცემასაც ვაპირებ, ვნახოთ.
– პოეზიაში ფეხის შედგმა ვინ დაგილოცათ?
– პოეტების ქვეყანაში იოლი არაა თქვა, მეც ლექსებს ვწერო. დედაჩემი, მისი ძმა, ჟურნალისტი ნოდარ ქამადაძე ლექსებს წერდნენ. დედა გამოცანასაც ლექსად ამბობდა. ალბათ, გენეტიკურად მომდგამს. ლექსების წერისთვის მაშინ მოვიცალე, როცა ავტოავარიის შედეგად, 6 თვის განმავლობაში ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, მხოლოდ ენასა და ხელებს ვამოძრავებდი. ეს 2009 წელს იყო.
– თქვენი საყვარელი ქართველი პოეტი?
– ცოცხლებიდან ტარიელ ხარხელაური მომწონს. მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა, ზურაბ გორგილაძე, შოთა ნიშნიანიძე.
– მძიმე ტრავმა გადაიტანეთ და სულიერად და ფიზიკურად არ დაეცით. რის ფასად შეძელით ეს?
– საკუთარი თავის მობილიზების ფასად. არ გაგეცინოთ და სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლმა, მეუღლესაც კი საცოლე შევურჩიე, ისეთი, შვილებსაც რომ მიხედავდა და ჩემს ნალოლიავებ ოჯახსაც მოუვლიდა. ცოტა რომ გამოვკეთდი, გირებზე დაკიდებული კინაღამ დამახრჩო.
– წარსულის განმეორება რომ იყოს შესაძლებელი, დროის რა მონაკვეთს აირჩევდით?
– ბავშვობასა და ახალგაზრდულ ასაკს. იმ სიხარულის გამეორებას ვისურვებდი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მქონდა.
– წინასაახალწლოდ რას ისურვებდით?
– ქვეყნად მშვიდობას, ისეთ ერთიანობასა და ერთსულოვნებას, როგორიც ქართველებს 1989 წლის 9 აპრილის დღეებში და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გვქონდა.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მიგულეთ თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველების რიგებში.
ოთარ ცინარიძე