ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ: „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.
„კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები – ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა, ბევრად უფრო მაღალია. ასევე, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5 პროცენტამდე მერყეობს.
პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა…
აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.