„ძველი და ახალი წლის გასაყარზე სახლში ცხვარს შემოვიყვანდით, როგორც სიკეთისა და სიუხვის სიმბოლოს“
By

„ძველი და ახალი წლის გასაყარზე სახლში ცხვარს შემოვიყვანდით, როგორც სიკეთისა და სიუხვის სიმბოლოს“

70 წელი უკან მოიტოვეს დაბა შუახევის მკვიდრებმა გულნაზ ბერიძემ და დავით დავითაძემ. 45 წელზე მეტია, რაც ოჯახი შექმნეს. გულნაზი შუახევის რაიონის სოფელ სამოლეთიდანაა გამოთხოვილი. გოგონამ ის სკოლა დაამთავრა, რომელიც საშუალოს სტატუსით პირველი საგანმანათლებლო კერა იყო ახლანდელ შუახევის რაიონში.

– მშობლიური სკოლა ჩემზე 5 წლით უფროსია, შუახევის რაიონი კი ერთი წლით,- ღიმილით ამბობს გულნაზი. ორივე მათგანის წარმატებების მომსწრე და მონაწილე ვარ. მაშინ, როცა უჩამბის საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, დირექტორი საქვეყნოდ აღიარებული, განათლების ამაგდარი მევლუდ თურმანიძე იყო. ჩვენ კარის მეზობლებიც ვიყავით. უხვთოვლიან ზამთარში, მე და მის ქალიშვილ ნანულის ხელს ჩაგვკიდებდა და ასე მივყავდით სკოლაში, მოყინულ გზაზე დაცურებისგან გვიცავდა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლე ვიყავი, როცა მისი ოჯახი სოფელს დაემშვიდობა – ბათუმში სამუშაოდ გადაიყვანეს. მისი დამსახურებით, ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის დიდ გზაზე, მე და ჩემმა ძმებმა თეიმურაზ და ავთანდილ ბერიძეებმა წარმატებას მივაღწიეთ. რძლები ნანული წულუკიძე და ეთერ ზოსიძე, მევლუდ თურმანიძის დირექტორობის დროს, მასწავლებლებად მუშაობდნენ. რაკი სიტყვა სკოლაზე ჩამოვარდა, სითბოთი მინდა გავიხსენო თეიმურაზ, შოთა, ფატი ბერიძეები, დურსუნ ლორთქიფანიძე, ივანე ველიაძე, ვიქტორ შიპულინი, ნელი ჯაოშვილი, იოსებ, ნოდარ გამრეკელიძეები, რომლებიც საგნებთან ერთად ადამიანების სიყვარულსაც გვასწავლიდნენ.

– მასწავლებლების კმაყოფილი მეც ვარ, – ჩაერთო საუბარში დავითი, – ფრენბურთი მიყვარდა, რაიონის ნაკრების წევრიც ვიყავი. იმ დროს მიღებული მედლები, ქების სიგელები, თასები ოჯახის რელიკვიაა. ყველა ქართული სკოლა ინატრებდა ქსენია ღონღაძის, ნათელა იმნაძის, ანზორ, ნოდარ დავითაძეების, ეთერ მაღლაკელიძის, ალექსანდრე, ციალა მიქელაძეების, ნაზი მაკარაძის, ციალა მიქელაძის, თინა გოგიტიძის სადარ პედაგოგებს.

დავითის მამა ნევრიზ დავითაძე იმ თაობის შუახეველთა შორისაა, რომლებმაც თავისი საქმით საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს ახლად გახსნილი რაიონის ისტორიაში. იმ დღიდან მოყოლებული, როცა მათი სახლის სიახლოვეს აგურ-კრამიტის საწარმო ამოქმედდა, სტუმარი არ აკლდათ. ერთხანს ნევრიზი და მისი ძმა ხასანი ამ საწარმოში მუშაობდნენ. იქ დამზადებული აგურით, 74 წლის წინ, აიგო პირველი შენობები დაბა შუახევის ტერიტორიაზე და ახლაც მოქმედებს.

დავითი 4 ძმასთან ერთად იზრდებოდა. დედა ფატყუმ აბუსელიძე და მამა შვილებს ყურადღებასა და თანადგომას არ აკლებდნენ.

5 ძმიდან წუთისოფელს დავითი და ემზარი შემორჩნენ. ძველ კერაზე ემზარი დარჩა, დავითი და გულნაზი დაბა შუახევში დასახლდნენ, ქვეყანას პაატასა და ზაზას სახით ღირსეული შვილები გაუზარდეს.

– იოლი და დალხინებული ცხოვრება არ გვქონია,- ამბობს გულნაზი – რაიონის გამგეობაში საპასუხისმგებლო სამსახური მქონდა, დავითიც მუშაობდა და ასე გაგვქონდა ოჯახი წინა საუკუნის 90-იან წლების ძნელბედობის დროს. მცირეწლოვან პაატასა და ზაზას სახლში დავტოვებდით, ფილმებს ჩავურთავდით და შესვენებისას რიგრიგობით ვაკითხავდით. ერთი მხრივ, ეს კარგიც კი დარჩა – ორივემ ჩინებულად იცის კინოს ისტორია, მაგრამ ხელოვნების დარგი მაინც არ აირჩიეს. პაატა იურისტია და შუახევის მერიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, ზაზა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 მოწვევის დეპუტატია. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის ძალას“ ჩაუდგა სათავეში. რძლები თამილა ქობულაძე და ნანა აბუსელიძე სანიმუშონი არიან. შვილიშვილები მცირეწლოვანები რომ იყვნენ, პენსიაზე გასული ბებია და ბაბუა მოვლა-პატრონობას არ ვაკლებდით. უქმად გაჩერება არ შეგვიძლია, ახლაც, დილიდან  საღამომდე, სავაჭრო ობიექტში ვართ.

გულნაზი და დავითი წინაპრების ადათ-წესების მიმდევრები არიან, მოწიწებით იცავენ იმ რიტუალებს, რაც ახალ წელთანაა დაკავშირებული.

– ახალ წელს ორივე სტილით აღვნიშნავთ, – აგრძელებს საუბარს გულნაზი. იმ რიტუალებს, რომლებსაც ჩვენი მშობლები ასრულებდნენ, დღეს ჩვენ ვასრულებთ. ახალ წელს წინასწარ გაცრილი (იმ დღეს ფქვილს არ გავცრით, ოჯახში მთელი წლის განმავლობაში ბუზი და კოღო იქნება) მჭადის ფქვილის მოზელას რომ დავიწყებ, კეცში ჩაკვრის წინ, მონეტას ჩავაყოლებ, სუფრაზე მოტანილ, ჯვარდასმულ ცხელ მჭადს მივირთმევთ, ვისაც მონეტა შეხვდება, მთელი წლის განმავლობაში ბედნიერი იქნება. ძველი და ახალი წლის გასაყარზე სახლში ცხვარს შემოვიყვანდით, როგორც სიკეთისა და სიუხვის სიმბოლოს. ახლა ცხვარი სანატრელია. დღემდე დიდ მნიშვნელობას მეკვლეს ვანიჭებთ, განსაკუთრებით, ბედობის დღეს. 1და 2 იანვარს ცულსა და ეჩოს არ მოვიხმართ, არც ეზოში შემოვათრევთ ხეს, ქვეწარმავლები და თაგვები მომრავლდებიანო. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი ყველა ოთახში, ბოსელში, ჭურჭლით წყალს შეიტანს და ნაძვის ტოტსაც მიაყოლებს. წყალი სიწმინდეა, მწვანე ტოტი – სიცოცხლე. ბოსელში მყოფი საქონლის ზურგზე ლითონის ჯაჭვს გადავატარებთ – პირუტყვი ლითონივით გამძლე და საძოვარზე ერთმანეთის მიმყოლი იყოსო. ასევე, ოჯახის უფროსი ვალდებულია ხმის ამოუღებლად იმუშაოს, ეზოდან ან საშეშედან მკლავზე დაყრილი ნაფოტი შემოიტანოს – ნადს რომ მოიპატიჟებს, იმედს არ გაუცრუებენო. ამის შემდეგ, ბუხარში ან ღუმელში ცეცხლი მანვე უნდა დაანთოს. თუ ოჯახის უფროსი მამაკაცი გარდაიცვლება, რიტუალის შესრულება ვაჟს ეკისრება, ქალები ამ რიტუალს გამონაკლის შემთხვევაში ასრულებენ. ახალი წლის დღეებში სასწორის გამოყენებაც არაა სასურველი – იმ წელს ოჯახის ბედი აიწონ-დაიწონებაო. დიდ მადლად მიიჩნევენ ახალი წლის დღეს სიმინდის მარცვლების მოხარშვას. მეკვლეს (მფერხავს), პირველ რიგში, მოხარშულ სიმინდს მივართმევთ. სიმინდის, ბრინჯის მარცვლების, მონეტების ოჯახში შემოყრა ხვავ-ბარაქის მომტანია. მამაჩემი ახალი წლისა და ბედობის დღეს ფულს არ გაასესხებდა, არც თავად მივიდოდა სესხის გამოსართმევად. ეს რიტუალები გამოცდილებისა და დაკვირვების ხარჯზეა დამკვიდრებული. შვილები, რძლები კი იცავენ, მაგრამ შვილიშვილები და მომდევნო თაობები რას გააკეთებენ, ეს აღარ ვიცი. როგორც დედას, მეამაყება, რომ პაატამ და ზაზამ მშობლების ფასი იციან, ორივენი 40 წელს არიან გადაცილებულები, მაგრამ ჩვენს სიტყვას პატივს სცემენ. პაატა, ჯერჯერობით, ოჯახთან ერთად, შუახევშია, ზაზა – ბათუმში. სპეციალობით სტომატოლოგია და ბათუმსა და შუახევში კლინიკები აქვს გახსნილი, პაციენტები ემადლიერებიან.

– ახალ წელს რას ისურვებდით?

– მინდა, რომ ყველა, განსაკუთრებით, ბავშვები, ბედნიერები იყვნენ. ოთხი შვილიშვილის ბებია, ვისურვებდი, ყველა პატარას მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროს, ლაღი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდეთ.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

ოთარ ცინარიძე

 

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *