კულტურის სფეროში წარმატებულები დააჯილდოვეს
By

კულტურის სფეროში წარმატებულები დააჯილდოვეს

აჭარის კულტურის სამინისტრომ 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება „წლის შემოქმედებითი პერსონა“ გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა კულტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებას და შემოქმედებითი პროცესების წახალისებას, ხელოვანების მხარდაჭერას. აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შეკრებილთ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ წელს აჭარის რეგიონში კულტურული პროგრამა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მან მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან ერთად, აჭარის კულტურის სამონისტრომ წლის განმავლობაში 600 კულტურული ღონისძიება გამართა, რომელთა განხორციელებაში 7 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული.
– მომავალი წლისთვის ახალი იდეები და გეგმები გვაქვს. მჯერა, რომ კულტურის სამინისტროს დიდ გუნდთან ერთად, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ, რაც რეგიონს მეტ კეთილდღეობას მოუტანს. დღეს შემოქმედებით პროცესებში აქტიურად ჩართული ადამიანები დავაჯილდოვეთ. მსგავსი ღონისძიებები ხელოვანების სტიმულირებას უწყობს ხელს, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
საღამოზე აჭარის კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებმა, ვიდეორგოლების საშუალებით, 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს.
ნომინაციაში „წლის შემოქმედებითი პერსონა“ ჯილდოები გადაეცათ ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, შემოქმედებით პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ესენია: კლიმენტი მეგენეიშვილი – ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის ხაზვა-პერსპექტივის პედაგოგი, მაყვალა მელაძე-იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ლელა სიხარულიძე – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი, დავით გველესიანი – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ პირველი კატეგორიის სოლისტი, რუსუდან კვახაძე -ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგი, თემურ ტუნაძე – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ავთანდილ ქარჩავა – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უმაღლესი კატეგორიის მსახიობი, კობა ფაცურია – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი, ზინაიდა იოსელიანი – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის გიდი, ია გიგაური – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის მსახიობი, მანანა ჩაუშბა – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მთავარი ქორმაისტერი, ვოკალის პედაგოგი. ქეთევან მღებრიშვილი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მსახიობი-მომღერალი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი „ნოტა“, თორნიკე დოლიძე – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ხორუმის“ ქორეოგრაფი, თათია ლომინეიშვილი – მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ მოცეკვავე-მსახიობი, ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, მაგდანა მათითაიშვილი – რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდის ქორმაისტერი, საგუნდო მიმართულების პედაგოგი, რუსუდან ბერიძე – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის აკადემიური გუნდის ქორმაისტერი, საგუნდო კლასის პედაგოგი, დალილა გალდავაძე – აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პედაგოგი, ანა ფირცხალაიშვილი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის კლასიკური, სახასიათო და თანამედროვე ცეკვის პედაგოგი. დეკანოზი შიო პაიჭაძე, საპატიო ბათუმელი – ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხის მხატვრული დამუშავების პედაგოგი (მამა შიო ემსახურება ქართული ტრადიციული ხელოვნების ისეთ მნიშვნელოვან დარგს, რომლის სწავლებაც დიდ გარჯას და პროფესიულ უნარებს მოითხოვს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჯგუფში უმრავლესობა შშმ პირია და მათი ნამუშევრები გამოირჩევა შესრულების ტექნიკით, დახვეწილობით), როინ აბუსელიძე – პოეტი, აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურული ღონისძიებების კოორდინატორი, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი პრემიის ლაურეატი და ოთხი პოეტური კრებულის ავტორი (მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს შორის გამორჩეულია „ღამის სერენადები“).
 მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *