სულხან თამაზაშვილი: „ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მკაფიო და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა და მიმდინარე წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა.
მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რეგიონის ეკონომიკური განვითარება.
,,ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მკაფიო და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამ სტაბილურობის ფონზე, შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება. 2025 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 10 პროცენტით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდა გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მივმართოთ მოქალაქეებზე, რეგიონის განვითარებასა და პრიორიტეტულ სფეროებზე“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მთავარ ამოცანად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა რჩება. წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებით 100 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება, შესაბამისად, გაიზრდება როგორც პროგრამების, ისე ბენეფიციართა რაოდენობა.
განათლების სფეროზე საუბრისას, სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველი სწორედ განათლებაა. 2025 წელს რეგიონში 10 000-ზე მეტ მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო, აშენდა 2 ახალი საჯარო სკოლა და რეაბილიტირდა 30 სკოლა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა იძლევა საშუალებას, ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდეს.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, იზრდება სპორტის დაფინანსებაც. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, რომლებმაც წლის განმავლობაში არაერთხელ ასახელეს ქვეყანა და რეგიონი.
სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2025 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებით 29 000-მდე ფერმერმა ისარგებლა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დარგის ბიუჯეტის გაზრდა ადგილობრივი ფერმერების შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას უზრუნველყოფს. ასევე, სულხან თამაზაშვილმა ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები წარადგინა და აღნიშნა, რომ ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 24 000 ტონამდე მანდარინი, რომლის საერთო ღირებულება 13 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ასევე, გადამუშავდა 12 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გაიცა.
სხდომაზე ტურიზმის სფეროს მიღწევებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იყო საერთაშორისო აღიარების მიმართულებითაც. 9 თვის მონაცემებით, აჭარაში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მომდევნო წელსაც იგეგმება საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რათა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი.
წარმატებით მიმდინარეობდა რეგიონში კულტურის სფეროს განვითარებაც. განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე კულტურული ცხოვრების განვითარებას.
სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, საჯარო მოხელეებსა და თითოეულ მოქალაქეს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.