ბათუმის მერიის რჩეული ხელოვანები
By

ბათუმის მერიის რჩეული ხელოვანები

რამდენიმე წელია ბათუმის მერია წლის ბოლოს ტრადიციულ შეხვედრას მართავს და იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებმაც კულტურის სფეროში თავიანთი მოღვაწეობით, გამორჩეული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქალაქის ისტორიაში.

ასე იყო წელსაც. სასტუმრო „ლე მერიდიანში“ ქალაქ ბათუმის მერიამ პროექტის – „ხელოვანები – ბათუმისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში, ის ხელოვანები დააჯილდოვა, რომლებმაც წელს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის თუ მის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა შეკრებილებს, მადლობა გადაუხადა მათ ქალაქისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და  შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გამარჯვებულები, საკონკურსო კომპოზიციებისა და საკონკურსო წელს მიღწეული წარმატების მიხედვით, შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: „წლის კომპოზიცია“ – ირაკლი სირაბიძე, „რჩეული კომპოზიცია“ – ლაშა მოისწრაფიშვილი, არჩილ დედოფალიძე, „რჩეული“ – შორენა მახაჭაძე, „წარმატებული კომპოზიცია“ – კახაბერ ფირცხალაიშვილი, გიული კუბლაშვილი, „ხელოვანი ბათუმისთვის“ – გიორგი ქოქოლაძე, შორენა მიქელაძე, სოფიო ზაქარაძე, „წლის ხელოვანი“ – ანდრია ფუტკარაძე, „წლის აღიარება“ – ანიტა აბგარიანი.

ნომინაციაში „ხელოვანი – ბათუმისთვის“ დასახელდნენ: ნატალია ორაგველიძე, მაგდანა მათითაიშვილი, თამაზ ცერიაშვილი, თამარ ბერიძე, თათია კობალაძე, ავთანდილ აბესლამიძე, მამუკა ალაფიშვილი, ლელა დოლიძე, ჯიმსონ გურგენიძე, ალექსანდრე აბუსელიძე, ირაკლი გურგენიძე, ანდრია კაპანაძე, ელენე ბოლქვაძე, „მაესტრო“ – ნოდარ ვარშანიძე, „დიდოსტატი“ – ხვიჩა მაღლაკელიძე.

წლის „კულტურის მუშაკი“ გახდნენ:  ვიოლა ფხაკაძე, მაია სალუქვაძე, ალექსანდრე პატარაია, შორენა ვაშალომიძე, თეა გოგოტიშვილი, ნანა კვირიკაძე, ლიკა კობახიძე, სვეტლანა ურუშაძე, ლეილა ალექსანდროვა, ოთარ მალაყმაძე, იური ხაბაზი, თინათინ გეგიძე, ნანა რურუა, ალექსანდრა ებრალიძე, ვერა კვაჭაძე, იზო ლაშხია, ზოია რუხაძე.

„წლის კოლექტივის“ ნომინაცია მიენიჭა რევაზ ლაღიძის „გოგონათა გუნდს“, „რჩეული კვარტეტის“- ბათუმის კულტურის ცენტრის „სიმებიან კვარტეტს“. „რჩეული დასი“  გახდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის „საოპერო დასი“.

ნომინაციაში „ახალგაზრდა შემოქმედი“ დასახელდნენ:  ანიტა არაბული, მარიამ გორგაძე, სესილი აბუთიძე, ელისაბედ დუმბაძე, გიორგი აბაშიძე, არჩილ ჩიქოვანი, ლიზი ზოიძე, დანიელა ხუხუნაიშვილი, თათია ზანაქიძე, მარიამ ხიმშიაშვილი, ალექსანდრე ანთიძე.

საღამო, რომელიც მიჰყავდა ბერდია კუტუბიძეს, გაალამაზეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა ლიზა რამიშვილმა და სანდრო გეგეჭკორმა.

– უღრმესი მადლობა ბათუმს და ბათუმელებს, რომ ეს თბილისელი კაცი ბათუმელი გამხადეს, შემიყვარეს და დამაფასეს, თბილისისკენ აღარ „ვიხედები. 27 წელია, აქ ვარ. ბედნიერი ვარ და უფალს მადლობა, რომ წარმატებული პედაგოგი გავხდი. მადლობა მერიას, კულტურის სამინისტროს, ხელოვნების უნივერსიტეტს ამ დაფასებისთვის, – გვითხრა თამაზ ცერიაშვილმა.

– დიდი მადლობა აჭარის მწერალთა სახლს, ვინც წარმადგინა ამ ჯილდოზე, ბათუმის მერიას და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს დაჯილდოებას. საქმე იმაშია, რომ მე ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ვწერ მათზე, ვინც ემსახურება ქართულ სიტყვას, ქართული სიტყვა კი ღმერთია, ქართველობის იდენტობის განმსაზღვრელი, ჩვენი გადამრჩენელი. ალბათ, ამიტომ დამასახელეს,  – გვითხრა შორენა მახაჭაძემ.

– ნომინაციაში „წლის კომპოზიცია“ დამასახელეს. კონკურსში მეგობრის, ლაშა მოისწრაფიშვილის რჩევით მივიღე მონაწილეობა. კლიპს იღებდა და შემომთავაზა, ჩემი კომპოზიციაც წარმედგინა.  მიხარია, რომ დღეს ორივე დაგვაჯილდოვეს. რაც შეეხება სიმღერას, ის პანდემიის დროს შეიქმნა როინ აბუსელიძის ლექსის მიხედვით, .„ფეისზე“ დავდე და ბევრი მოწონება მიიღო. შემდეგ ორი სიმღერა ჩავწერე, რომლის არანჟირება მეგობარმა, მიხეილ ბუაძემ გააკეთა… სასიამოვნოა, რომ მოწონება დაიმსახურა, – თქვა ანსამბლ „ელესას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი სირაბიძემ.

– დიდი მადლიერებით ვაცილებ ამ წელს, რომელმაც ბევრი წარმატება მოგვიტანა, ვეცდები,  მომავალ წელიც არ იყოს ნაკლები, – გვითხრა ნატალია ორაგველიძემ.

– „ბათუმი სიყვარულია“, ასე ეწოდება ჩემს კლიპს, ეთნოფოლკბენდ „მაჭახელასთან“ ერთად რომ შევქმენი. მუსიკაც და ტექსტიც მე მეკუთვნის. მიხარია, რომ  ბათუმელებს მოეწონათ, – აღნიშნა ლაშა მოისწრაფიშვილმა.

– ყველაზე განსაკუთრებული, ყველაზე დასაფასებელი და ამავდროულად, ყველაზე საპასუხისმგებლოა ჯილდო „ხელოვანი -ბათუმისთვის“, რომელიც დღეს მივიღე, ჩემთვის ყველა სხვა ჯილდოზე მაღლა დგას, რადგან ქალაქი, რომელიც შენი სახლია, შენი ისტორია და შენი ოჯახია, გიფასებს იმ შრომასა და წვლილს, რომელიც მის სიყვარულში ჩადე. გულწრფელ მადლობას ვუხდი ბათუმის მერიას ამ განსაკუთრებული პატივისა და ნდობისთვის, თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დაჯილდოებაში. მათმა მხარდაჭერამ და შეფასებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა პასუხისმგებლობა ჩემი ბათუმის წინაშე – ქალაქის, რომელიც ჩემი შთაგონებაა. ეს აღიარება ჩემთვის არა მხოლოდ ჯილდო, არამედ დიდი მოტივაციაა, რომ მომავალშიც სიყვარულითა და ერთგულებით ვემსახურო ქალაქს, – გვითხრა ავთანდილ  აბესლამიძემ.

 

        მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *