აშშ-ის ახალი უსაფრთხოების დოქტრინა და რუსეთის მთავარი მიზანი
აშშ-ის ახალი უსაფრთხოების დოქტრინა პრიორიტეტს წყნარი ოკეანე-ინდოეთის რეგიონს ანიჭებს, რაც ევროპას საკუთარი თავდაცვითი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას უჩენს. ტრამპის პოლიტიკურმა იდეებმა – რუსეთის ეკონომიკური დაბრუნების საკითხმა გლობალურ ეკონომიკაში, „დიდი ხუთეულის“ ფორმატმა და უკრაინისთვის შეთავაზებულმა გეგმამ ახალი დებატები გააჩინა როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ კავკასიაში, სადაც უსაფრთხოების გამოწვევები კიდევ უფრო მწვავდება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია Politico EuroPe-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– ვხედავთ, რომ რუსეთი უკვე დასავლეთსაც ემუქრება, მაგალითად, ამას წინათ რუსმა სამხედროებმა ესტონეთის საზღვარი დაარღვიეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ამით რისი მიღწევა სურდა რუსეთს?
– რუსეთს ესტონეთის საზღვრის დარღვევით რეალურად არ სურდა ტერიტორიის დაკავება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთგვარი სიგნალი, გარკვეული მესიჯით: „ჩვენ შეგვიძლია თქვენი უსაფრთხოების სისტემის ტესტირება და რეაქციის შემოწმება“. რუსეთი ასეთ ქმედებებს იყენებს სამი მიზნით:
პირველი – ნატოს რეაქციის შემოწმება: რამდენად სწრაფად და ერთიანად იმოქმედებს ალიანსი (ნატოს მე-5 მუხლის ეგიდით);
მეორე – ფსიქოლოგიური ზეწოლა ბალტიის ქვეყნებზე, რათა მუდმივი დაუცველობის განცდა შეიქმნას.
მესამე – შიდა აუდიტორიისთვის ძალის დემონსტრირება, თითქოს რუსეთი კვლავ „ძლიერ მოთამაშედ“ რჩება. ეს არის კლასიკური ჰიბრიდული სტრატეგია – მცირე პროვოკაციები, რომლებიც ომის ზღვარს არ კვეთს, მაგრამ მუდმივ დაძაბულობას ქმნის. სწორედ ამ ლოგიკით მოქმედებდა ის ყირიმშიც, როცა „მწვანე კაცუნების“ გამოყენებით შექმნა გაურკვევლობა და ფაქტის წინაშე დააყენა საერთაშორისო საზოგადოება. თეორიულად, მსგავსი მეთოდის გამოყენება ქალაქ ნარვაში შესაძლოა მოხდეს, მაგრამ რეალურად ეს რუსეთისთვის უკიდურესად სახიფათოა. ესტონეთი ნატოს წევრია და ნებისმიერი არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ჯგუფის გამოჩენა ავტომატურად გადაიქცევა კოლექტიური თავდაცვის საკითხად.
– გარდა ზემოაღნიშნული ინციდენტისა, პუტინმა განაცხადა, რომ თუ კოლექტიური დასავლეთი არ დააკმაყოფილებს რუსეთის ინტერესებს ევროპაში, მაშინ ევროპას ახალი ომის უნდა ეშინოდეს. ეს რისი მანიშნებელია?
– კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსული აქტივების გამოყენება „წითელი ხაზის“ გადაკვეთა იქნება, ხოლო ამით ის, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში მზად იქნება პირდაპირი სამხედრო პასუხისთვისაც – თუნდაც ეს ყოველივე ევროპასთან ღია კონფრონტაციასა და მესამე მსოფლიო ომის რისკს ნიშნავდეს. კრემლი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ ნებისმიერი ფინანსური ან სამართლებრივი ნაბიჯი შეიძლება გადაიქცეს სამხედრო კრიზისად – ანუ პასუხისმგებლობა წინასწარ გადაიტანოს ევროპაზე. სინამდვილეში, რუსეთი სწორედ ამ გზით ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც ყველაზე ეფექტურია – შიშის ეფექტი. ბელარუსში, ლიეტუვის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნებიც ამის მანიშნებელია. ასევე, გააქტიურდა თემა ნატოს აღმოსავლეთის ბლოკის ცვლილების შესახებ ( 1997 წლის საზღვრების შესახებ, რაზეც ისინი განგებ აპელირებენ), თითქოსდა არსებობდა იურიდიული ან დე-ფაქტო შეთანხმება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაფართოების შეწყვეტის პირობით. საბოლოოდ, რუსეთის მთავარი მიზანი საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური რეალიზმის დაბრუნებაა – ანუ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ბედი ეწევა შედარებით პატარა მოთამაშეებს, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ წესრიგს, რომელზეც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება დგას.
– ცხადია, ზემოაღნიშნული მოვლენები უკრაინას უკავშირდება, ამჟამად ომის რა ფაზაა და ინიციატივა ვის მხარესაა?
– დღეს უკრაინაში ომი გადავიდა გახანგრძლივებული, პოზიციური დაპირისპირების ფაზაში, სადაც გადამწყვეტი აღარ არის ერთი დიდი შეტევა, არამედ რესურსების ამოწურვა და ინიციატივის ეტაპობრივი წართმევა. ამის მაგალითია კუპიანსკის მიმართულება, სადაც უკრაინა ახერხებს რუსული წინსვლის შეჩერებას და ცალკეულ მონაკვეთებზე პოზიციების დაბრუნებას, მიუხედავად რუსეთის მუდმივი ზეწოლისა.
რუსეთი ცდილობს ინიციატივის შენარჩუნებას რაოდენობით და ფრონტის გაწელვით, თუმცა უკრაინა უფრო მოქნილი სტრატეგიით პასუხობს – ზუსტი დარტყმებით, ლოგისტიკის დაზიანებით და თავდაცვითი ხაზების გამყარებით. შედეგად, ტაქტიკურ დონეზე, ინიციატივა ხშირად იცვლება, მაგრამ სტრატეგიულად რუსეთი ვერ ახერხებს თამაშის წესების კარნახს.
– მას შემდეგ, რაც აშშ–მა ახალი უსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა (რის შესახებაც ვისაუბრებთ), ევროკავშირმა უკრაინას 90 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. თქვენი აზრი ამის შესახებ…
– საგულისხმოა, რომ დასავლეთი აქტიურად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ევროკავშირმა გამოყო 90 მილიარდი დოლარი – ეს არა მხოლოდ ფული, არამედ სტრატეგიული მხარდაჭერაა, რათა უკრაინამ შეინარჩუნოს პოზიციები არსებულ ფრონტზე. სამწუხაროდ, გერმანიამ, კერძოდ კი ფრიდრიხ მერცმა, ვერ შეძლო საკუთარი მიზნის ბოლომდე მიყვანა, ვინაიდან ბრიუსელში არსებულ რუსულ აქტივებს (210 მილიარდს), ამ ეტაპზე, ევროკავშირი არ გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის შიგნით არსებობს მცირე ანტიუკრაინული გავლენა, განსაკუთრებით ორბანის, ფიცოს და ჩეხეთის პოზიციებში. თუმცა, ეს უკრაინის ინიციატივას ფრონტზე არ აფერხებს – შემდეგი ორი წელი უკრაინას ომის გაგრძელება თავისუფლად შეეძლება. თანამედროვე ევროპა კი სწორედ ეხლა იწყებს გამოღვიძებას – 1938 წლის მიუნხენის კონფერენციის რესენტიმენტი კონტიტენტს აჩრდილად დასდევს და ერთიანობის უპირობო გარანტად იქცევა.
– რა ძირითადი პრიორიტეტები იკვეთება ახლად გამოქვეყნებულ აშშ–ის უსაფრთხოების დოქტრინაში?
– აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა ცხადყოფს, რომ ძირითადი ყურადღება გადადის ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონზე და ჩინეთის შეკავებაზე. ამის ნათელი მაგალითი ტაივანისთვის ახალი, 11 მილიარდი დოლარის სამხედრო პაკეტია – თითქმის 10-ჯერ მეტი, რაც ამჟამად კონგრესის მიერ ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის გამოიყოფა, რაც ნათელი პასუხია ამ კითხვაზე – ახალი სტრატეგიული ფოკუსი არა ევროპაზე, არამედ აზიის რეგიონზე გადადის. ეს ცვლილება მიუთითებს, რომ ამერიკა საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს უფრო მკვეთრად აყენებს რეგიონულ დომინაციასა და ეკონომიკურ კონკურენციაზე, ხოლო ჩინეთის შეკავება გახდა მთავარი პრიორიტეტი. ევროპაში ამერიკა კვლავ მხარს უჭერს პარტნიორებს, მაგრამ დახმარება უფრო ინტერესზე ორიენტირებული ხდება, კონფრონტაციის რისკის გათვალისწინებით. მოკლედ, მესიჯი ნათელია: ამ დოქტრინის ფონზე სტრატეგიული ბალანსი ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში სწორედ დღეს იქმნება.
– რატომ იქცა წყნარი ოკეანე–ინდოეთის რეგიონი ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრალურ მიმართულებად და რას გულისხმობს ეს გლობალური თვალსაზრისით ძალთა ბალანსისთვის?
– წყნარი ოკეანე-ინდოეთის რეგიონი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრალური ფოკუსი გახდა სწორედ რამდენიმე მიზეზით: რეგიონი ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ჩინეთის მზარდი დომინაციის ფონზე. გარდა ამისა, რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან აქ გადის მსოფლიო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი. გლობალური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ აშშ ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული ბალანსი: ჩინეთის შეკავებით, სამხედრო და ეკონომიკური დომინაციის კონტროლით, პარტნიორ ქვეყნებთან გაძლიერებული კოალიციებით, როგორიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა, რომლებიც ახალი, უფრო მილიტარისტული მთავრობის პირობებში აქტიურად იყენებენ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ეს სტრატეგიული გადაადგილება შემთხვევითი არაა – აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა დღეს უკვე გადაწყვიტეს, ვინ და როგორ განასახიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას.
– ევროპის და ამერიკის უსაფრთხოების თანამშრომლობის ჭრილში, რას ნიშნავს ვაშინგტონის მესიჯი – ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დოქტორინა უნდა ჩამოაყალიბოს?
ვაშინგტონის მესიჯი – „ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დოქტრინა უნდა ჩამოაყალიბოს“ – ნიშნავს, რომ აშშ აქტიურად მიმართავს ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებისკენ. გეოპოლიტიკური პერიპეტიები შეიცვალა, ხოლო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს აქტიურად მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ აუბან მხარი საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ წესრიგს. აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბრიტანეთს – ლონდონი იქნება სტრატეგიული ლიდერი და ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ და სამხედრო კოორდინაციას. გერმანია, რომელიც ევროკავშირის მთავარი ეკონომიკური ღერძია, ეტაპობრივად, სამხედრო რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენს, ხოლო 2027 წლისთვის უკვე მკაფიო, სრული და ერთიანი სურათი შეიქმნება ევროპისთვის, სადაც ქვეყნები მზად იქნებიან სწრაფი რეაგირებისთვის. ეს ყოველივე იმის ილუსტრაცია იქნება, რომ ევროპა საბოლოდ გამოვიდა კომფორტის ზონიდან და მზადაა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის მკაფიო, დამცავი როლი ითამაშოს. მოკლედ, ვაშინგტონის მესიჯი ნათელია: ამერიკა ევროპის გვერდით რჩება, მაგრამ კონტინენტს ახლა საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა გააჩნდეს, რათა მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერაზე არ იყოს დამოკიდებული – ეს უკვე ახალი, უფრო პრაგმატული და ძლიერი ევროპული უსაფრთხოების ეპოქის დასაწყისია. „Pax Americana“ არსებობის ბოლო დღეებს ითვლის.
– რამდენად რეალურია ევროპელი ანალიტიკოსების იდეა, რომ ევროპა საფრანგეთის ბირთვული ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს და შექმნას ნატოს ანალოგიური სამხედრო ბლოკი?
– ევროპის დამოუკიდებელი სამხედრო ბლოკის შექმნის იდეა, განსაკუთრებით, საფრანგეთის ბირთვული ქოლგის გამოყენებით, საკმაოდ რეალისტური კონცეფციაა, თუმცა ბევრ სირთულეს უკავშირდება. ერთი მხრივ, საფრანგეთის ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა ევროპისთვის ქმნის სიმბოლურ და რეალურ თავდაცვის ბერკეტს, რაც ზრდის ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიას აშშ-სგან. მაგრამ, პრაქტიკაში, გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურის შექმნა რთულია: არსებობს პოლიტიკური უთანხმოებები, განსხვავებული სამხედრო კულტურა, ბიუჯეტური შეზღუდვები და ნატოში არსებული ბალანსი, რომლის დაცვა მნიშვნელოვანია. ამასთან, საფრანგეთი და სხვა ძლიერი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია, აქტიურად ცდილობენ ევროპის უსაფრთხოების უფრო დამოუკიდებელი არქიტექტურის განვითარებას, თუმცა ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს. მოკლედ, კონცეფცია რეალურია სტრატეგიულ დისკურსში, მაგრამ ნატოსა და ამერიკის ჩართულობის გარეშე მისი სწრაფი განხორციელება რთულია.
– ტრამპის ინიციატივა „დიდი ხუთეულის“ შექმნისა რას შეიძლება უკავშირდებოდეს და როგორ შეიცვლება საერთაშორისო ძალოვანი ცენტრი ამგვარი ფორმატის შემთხვევაში?
– დიდი ხუთეულის შექმნის ინიციატივა ნიშნავს, რომ მსოფლიოს მთავარმა სტრატეგიულმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, მცირე, კონცენტრირებული ფორმატით უნდა მართონ გლობალური უსაფრთხოება. ეს არ არის მხოლოდ ნატო ან გაერო, ეს უფრო სწრაფი, მოქნილი მექანიზმია, სადაც გავლენიანი ქვეყნები აკონტროლებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ამგვარი ფორმატის შემთხვევაში, საერთაშორისო ძალთა ბალანსი იცვლება: მთავარი მოთამაშეები უფრო მკაფიო გავლენას აყენებენ, ხოლო პატარა სახელმწიფოებს უწევთ მჭიდრო პარტნიორობა და სტრატეგიული კოორდინაცია, რომ თავი დაიცვან. მოკლედ, ეს არის გლობალური სუპერბლოკი, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენებს წყვეტს რამდენიმე სტრატეგიული მოთამაშის მეშვეობით და არა ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებით. თუმცა, ჩემი აზრით, ეს იდეა ნაკლებად რეალისტურია. პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებში განსხვავებები იმდენად დიდია, რომ ასეთი მუდმივი სუპერბლოკის შექმნა, პრაქტიკულად, საფუძველს მოკლებულია.
– რა კონკრეტული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე?
– მსგავსი პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რასაკვირველია, პირდაპირ აისახება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე. თუ კავკასიის ქვეყნები შეძლებენ საერთო, ერთიანი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, ეს საშუალებას მისცემს რეგიონს შეიძინოს ახალი პარტნიორები, გაზარდოს გავლენა და შექმნას უფრო სტაბილური უსაფრთხოების გარემო, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირისპირება ან საკუთარი ინტერესების შეუთავსებლობა რეგიონში გეოპოლიტიკურ ბალანსს შეცვლის და ავტომატურად გაზრდის კონფლიქტის რისკსაც. ეს გახლავთ ერთდროულად გამოწვევა და შესაძლებლობა, თუ როგორ შეძლებენ რეგიონში მოთამაშე სახელმწიფოები სტრატეგიულ მანევრირებას და ალიანსების შექმნით საკუთარი უსაფრთხოების ახალი არქეტიპის შექმნას.
– დაბოლოს, ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა, რაზე მიუთითებს რეალურად და რატომ ჩანს, რომ ზეწოლა უფრო კიევზეა და არა მოსკოვზე?
– ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის ბევრად უფრო სიმბოლურ, ვიდრე რეალურ, უსაფრთხოების გარანტიას იძლევა და ძირითადი მესიჯი მიმართულია კიევისთვის ზეწოლის გაძლიერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პუნქტები, მეტწილად, უკრაინის მიერ დაკორექტირდა, უკრაინა ხელს არასოდეს მოაწერს ისეთ შეთანხმებას, სადაც ტერიტორიული დათმობები ან მსგავსი სპეკულაციები იარსებებს. დონბასის რეგიონი კიევისთვის წითელი ხაზია – უკრაინა არასოდეს აღიარებს მას რუსეთის ტერიტორიად. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება მსგავსი პირობით ფაქტობრივად განწირულია.
გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რეალურად, პირველია, ვინც უკრაინას რუსეთის სიღრმეებში ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმის უფლება მისცა და სადაზვერვო ინფორმაციაც მიაწოდა. ასევე, მათ საკმაოდ ეფექტური სანქციები დაუწესეს რუსეთს – კერძოდ, ჩრდილოვან ფლოტს, რომლითაც რუსეთი ყოველთვიურად რამდენიმე მილიარდს კარგავს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომის დასრულება ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან რუსეთმა დასახულ ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია და ომის არსებულ ფრონტზე გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, კრემლისთვის მთავარ ინტერესს არ წარმოადგენს.
ლაშა ხომერიკი