ბათუმის სასაზღვრო მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „გორგაძეთის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ნ.ა. და 1970 წელს დაბადებული ფ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.