მიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს განხორციელდა მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით
By

მიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს განხორციელდა მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2025 წელი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან განხორციელდა მასშტაბური რეფორმები როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ფსიქოტროპული ნივთიერებების რეგულირების სრულიად ახალი მოდელის დანერგვა უნდა ჩაითვალოს, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ძირეულ ცვლილებას უკავშირდება.
„ეს რეფორმა საშუალებას გვაძლევს, საკითხი სრულიად ახალი ხედვით დავარეგულიროთ – სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი, ხარისხიანი და რეალურად ორიენტირებული ზიანის შემცირებასა და მკურნალობაზე,“ – აღნიშნა სარჯველაძემ. მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება იყო ისიც, რომ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა, რაც სისტემური მუშაობის შედეგია.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზეც. 2025 წელს დაინერგა სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკური შეფასების მექანიზმი, რაც მომავალში უფრო მიზნობრივ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა, რომელმაც უკვე 34 მუნიციპალიტეტში წარმატებით გაიარა პილოტირება. ასევე, სოციალური პროგრამების 42 ქვეკომპონენტიდან 17 მიმართულებით გაიზარდა ანაზღაურება, რამაც მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
სარჯველაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ქვეყანა ბოლო პერიოდში აჩვენებს, პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
„ეკონომიკური წინსვლა ხმარდება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვას. ეს პრაქტიკა შენარჩუნდება და მომდევნო წელი ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების მომტანი იქნება,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა დევნილთა განსახლების მიმართულებითაც – 1600 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცა, ხოლო პროგრამა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გრძელდება.
„ეს ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ამ პრობლემის გადაჭრის მიმართ სერიოზული და თანმიმდევრული მიდგომა აქვს,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *