დონალდ ტრამპი ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობები აქვთ, 25%-იან ტარიფს უწესებს
By

დონალდ ტრამპი ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობები აქვთ, 25%-იან ტარიფს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებიდან შესულ საქონელზე, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ, 25%-იანი ტარიფი დააწესა. ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“ – თქვა დონალდ ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნესურთიერთობაში.

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრძანება „საბოლოო და დასკვნითია“.

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ.

აქვე, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობას ძალაში ტოვებს და ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა. მისი თქმით, აშშ-მა ირანისგან გზავნილები მიიღო და დონალდ ტრამპი „მათი შესწავლით დაინტერესებულია“.

„ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომელსაც ადმინისტრაცია კერძო კომუნიკაციით იღებს“, – აღნიშნა ლევიტმა.

 

  • No Comments
  • იანვარი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *