საქართველოს დელეგაცია აბუ-დაბიში: ინვესტიციები, შუა დერეფანი და ციფრული ტრანსფორმაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იმართება მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე უმსხვილეს საერთაშორისო ინვესტორებთან. მისი თქმით, საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით არიან დაკავშირებული და ქართული მხარის მიზანია, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.
„ჩვენი ინტერესია, გაძლიერდეს ინვესტიციების ნაკადი ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია და დეველოპერული სექტორი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დეტალურად ისაუბრებს ქვეყნის სტრატეგიულ მიღწევებზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით. ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე შუა დერეფანში, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სანდო დამაკავშირებელ რგოლს.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტი თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების თემებს ეძღვნება და მასში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, პოლიტიკოსები და ახალგაზრდა ინოვატორები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ჩაერთვება თემატურ პანელში, რომლის მთავარი თემა შუა დერეფანია – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამაც. მისი განცხადებით, სამიტში მონაწილეობასთან ერთად, დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა და ორი სტრატეგიული მნიშვნელობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
„დღეს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია PRYPCO TECHNOLOGIES-თან, რომელიც უძრავი ქონების გაციფრულებასა და ტოკენიზაციაზე მუშაობს. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტორების მოზიდვას და ქართული უძრავი ქონების ბაზრის გახსნას საერთაშორისო მოთამაშეებისთვის. პროცესში გამოყენებული იქნება ბლოქჩეინტექნოლოგია, რაც ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას მნიშვნელოვნად ზრდის“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების სამინისტროსთან, რომელსაც საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრები მოაწერენ ხელს. დოკუმენტი ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას საჯარო მმართველობაში და ინოვაციური პროექტების, მათ შორის, „სმარტ ქალაქების“ განვითარებას.
პაატა სალიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილ სამრეწველო კომპანიებთან, სადაც საქართველოსა და საამიროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება.