ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის რუსეთთან დიალოგი ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია
By

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის რუსეთთან დიალოგი ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის განხილვა „კიდევ ერთხელ ამხელს ევროპული ბიუროკრატიის ორმაგ სტანდარტს“.  როგორც პრემიერმა აბუ-დაბიში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ, როდესაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან, ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში ახერხებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების „რუსულად“ მონათვლას.
პრემიერის შეფასებით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თავად ხედავს საჭიროებას რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის აღდგენისა. „იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ევროპელი ბიუროკრატები მაინც გვაცხადებდნენ რუსულ მთავრობად. ახლა კი თავად ხედავენ, რომ მათ სჭირდებათ დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან – ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მოლდოვა, რომელიც დღემდე დსთ-ის წევრია, ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან და არ დაუწესებია სანქციები, თუმცა, მისი თქმით, მოლდოვის მიმართ კრიტიკული განცხადებები ევროკავშირის მხრიდან არ ისმის. „ოთხი წელია ომი მიმდინარეობს და მოლდოვის მიმართ ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ მოგვისმენია, მაშინ, როდესაც საქართველოს მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების გაგრძელებაა ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი თავად გეგმავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა სხვა ქვეყნებს ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ისაუბრა გარე ჩარევის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც წარსულში აშშ-ის მიერ გამოიყენებოდა -USAID, NED და სხვა ფონდები, დღეს იგივე მიზნებით ევროპული ინსტიტუტები ანაცვლებენ. მისი შეფასებით, ეს მანკიერი პრაქტიკა უკვე სრულად გაშიშვლებულია, თუმცა, სამწუხაროდ, არ იცვლება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ გარე ზეწოლისა და ჩარევის თავიდან ასაცილებლად მიიღო საქართველომ „გამჭვირვალობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონები. მისი თქმით, ეს მექანიზმები ქვეყანას იცავს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევისგან და უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიდგომებზე გავლენას ახდენს ის პროცესები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის შიგნით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალება „პოლიტიკო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს. კანდიდატებად სახელდება მარიო დრაგი და ალექსანდრ სტუბი.

  • No Comments
  • იანვარი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *