ახლოვდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები
By

ახლოვდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები

2026 წლის 6 თებერვალს იტალიის ქალაქ მილანში საზეიმოდ და ოფიციალურად გაიხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც  იტალიაში მესამედ ტარდება.

ამ ქვეყანამ ზამთრის ოლიმპიადას პირველად  ქალაქ კორტინაში, 1956 წელს უმასპინძლა. 20 წლის წინ ოლიმპიური თამაშები ასევე ჩატარდა იტალიის ქალაქ ტურინში. ასე რომ, ტურინის ოლიმპიადიდან 20 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები იტალიაში ისევ ბრუნდება. რიგით 25-ე ზამთრის ოლიმპიადას ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს და როგორც მასპინძელი ორგანიზატორები ამბობენ, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებთან და ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ოლიმპიადები, რომელიც 22.000 კვ.კმ-ზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ჩატარდება, დაუვიწყარ სანახაობად და გამორჩეულ სპორტულ ღონისძიებად იქცეს.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა  6-22 თებერვალს, პარალიმპიადა კი – 6-15 მარტს ჩატარდება. ოლიმპიური შეჯიბრებები  ზამთრის სპორტის თექვსმეტ, პარალიმპური კი ექვს სახეობაში გაიმართება. ვარაუდობენ, რომ „მილანი-კორტინა – 2026“, რომელშიც მონაწილეობას ქალი სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა მიიღებს, მსოფლიოს 93 ქვეყნის 3500-ზე მეტ სპორტსმენს უმასპინძლებს.
ქალთა შორის ალპაინის დისციპლინა კორტინაში, მამაკაცთა შორის კი ბორმიოში ჩატარდება. ლივინიო თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდს უმასპინძლებს, ბიატლონი ანტერსელვაში გაიმართება, ყინულის სპორტი – მილანში.
საორგანიზაციო კომიტეტი თითოეული არენისთვის ადაპტირდება. მათგან უმეტესობას მსოფლიო თასის რბოლებისა და სხვა მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მონაწილეთა შორის საქართველოდან ნინო წიკლაურია, რომელიც 2022 წლის ოლიმპიადის მედროშე გახლდათ. მართალია, მას მედალი არ აქვს მოპოვებული, მაგრამ მისი სახით ჩვენს დელეგაციას ჰყავს რეკორდსმენი ქალი, რომელიც ოლიმპიადაში მეხუთედ მონაწილეობს. ამ დიდ სპორტულ ფორუმში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას ფიგურული მოციგურავეებიც მიიღებენ, ასევე, ერთი სამთო-მოთხილამურე.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • იანვარი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *