ბათუმის დრამატულმა თეატრმა 147-ე თეატრალური სეზონი გახსნა პრემიერით – „დარისპანის გასაჭირი“
ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატულმა თეატრმა 147-ე თეატრალური სეზონი საპრემიერო სპექტაკლით გახსნა. რეჟისორმა გიორგი კაშიამ მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „დარისპანის გასაჭირის“ განახლებული ვერსია წარუდგინა.
ტექსტის ადაპტაციის ავტორები ვალერი ოთხოზორია და გიორგი კაშია გახლავთ, მხატვარი – ანანო დოლიძე, კომპოზიტორი – გიორგი ჯღარკავა, რეჟისორის თანაშემწე – ელენე კომახიძე. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: დარისპანი – ავთანდილ ქარჩავა, მართა – თამარ მაყაშვილი, პელაგია – ინგა ღირდალაძე, კაროჟნა – ხატია ფოფხაძე, ნატალია – სალომე ბედინეიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი), ოსიკო – თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია, ონისიმე – ზურაბ შილაკაძე, ელენე – მარიამ მღებრიშვილი (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი).
პრემიერას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით კლდიაშვილის უკვდავი პროზაული ქმნილებები თავისი გამორჩეული ბუნებით იმთავითვე იქცევდა და იქცევს ქართული (და არა მარტო) თეატრის ყურადღებას. კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში ახალი კუთხით, ახალი თვალით გვაჩვენებს არსებულ სინამდვილეს. კლდიაშვილის ეს ნაწარმოებიც მოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს.

– საინტერესო ვერსია ვნახეთ დღეს, საინტერესო ინტერპრეტაციით. ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს თეატრის ყველა თანამშრომელს, ქართული თეატრის დიდ ოჯახს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას, – გვითხრა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.
– ქართული თეატრისთვის ეს სპექტაკლი არის სიახლე ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, რამაც ახალი პლასტები გახსნა კლდიაშვილის შემოქმედებაში. ვფიქრობ, ძალიან ბევრ მაყურებელს მოიზიდავს ეს წარმოდგენა. საინტერესო აქცენტებია სპექტაკლში დასმული და ამას მსახიობები შესანიშნავად ართმევენ თავს, – გვითხრა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.
– „დარისპანის გასაჭირი“ არის პიესა, რომელიც ძალიან ხშირად იდგმება, მაგრამ ყოველთვის განსხვავდება ინტერპრეტაციებით. დღეს ეს სპექტაკლი ვნახეთ რამდენიმე ახალი პერსონაჟის დამატებით, ახლებური ვერსიით. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან სასიამოვნოა, ბათუმის დრამატული თეატრის სეზონი ქართული პიესით რომ გაიხსნა. იმედია, მაყურებელს მოეწონა. ბევრი რამ არის დამაფიქრებელი ამ სპექტაკლში.. პრემიერიდან რომ გამოდიხარ, უნდა დაგრჩეს ის რაღაც, რაზეც შემდგომ იფიქრებ. ეს სპექტაკლი ნამდვილად ტოვებს ამ საფიქრალს, – გვითხრა თეატრმცოდნე გიორგი ყაჯრიშვილმა.

– ბათუმის დრამატულ თეატრში კიდევ ერთი საინტერესო სეზონი გაიხსნა. ასევე, ქართული თეატრის აღდგენის დღეა და თეატრის ყველა მოღვაწეს ვულოცავ პროფესიულ დღეს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორს, ბატონ კოტე მჟავიას. როგორც ვიცი, ერთდროულად 4 პრემიერა ჩაეშვა და მუშაობა დაიწყო. ვფიქრობ, ეს რეპერტუარი თეატრს, მაყურებელს და ქალაქს ძალიან მოუხდება. ძალიან შემიყვარდა ბათუმი, მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული ბათუმელის მიმართ. ქართული თეატრი არის უსასრულო ჯაჭვი, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეუძლია შესთავაზოს მაყურებელს. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ მოდარაჯეებად იმ ახალი დღესასწაულებისა, რასაც სპექტაკლის დაბადება – პრემიერა ჰქვია. ბათუმში ეს ჩემი პირველი სპექტაკლია და ვფიქრობ, მაყურებელი იმ მნიშვნელოვან ემოციას წაიღებს, რომელსაც პერსონაჟები ატარებენ, – გვითრა რეჟისორმა გიორგი კაშიამ.
– სპექტაკლი ახალი ინტერპრეტაციით დაიდგა და ვფიქრობ, იმდენად მოერგო ეს ვერსია ამ პიესას, რომ ძალიან საინტერესო გახდა მაყურებლისთვის. კლდიაშვილი იმითია ყოველთვის ძალიან დიდი, რომ მისი ნაწარმოებები იძლევა საშუალებას, საუკუნეების განმავლობაში გარდაქმნა ისე, როგორც მოისურვებ. ძალიან მახარებს რეჟისორის ასეთი გადაწყვეტილება. მაყურებელმა სწორად აღიქვა სპექტაკლი. მათი რეაქციაც ზუსტი იყო, – გვითხრა მსახიობმა თამარ მაყაშვილმა.
28 იანვარს ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი მაყურებელს მორიგ პრემიერას წარუდგენს.
მარიამ ხითარიშვილი
