შალვა პაპუაშვილი: BBC-ის სიუჟეტი მიკერძოებულია და არღვევს სარედაქციო სტანდარტებს
By

შალვა პაპუაშვილი: BBC-ის სიუჟეტი მიკერძოებულია და არღვევს სარედაქციო სტანდარტებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ის მიერ დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებით მომზადებულ პროგრამაში დარღვეულია მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და პასუხის უფლების პრინციპები. მისი თქმით, სიუჟეტი ავითარებს ერთმხრივ ნარატივს და საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ წარმოაჩენს ძალადობის ორგანიზატორად და „პრორუსულად“, მაშინ როდესაც იგნორირებულია ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პოზიციები.
პაპუაშვილის განცხადებით, BBC-მ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სატელევიზიო ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მიმართა, რაც ეწინააღმდეგება თავად მაუწყებლის სარედაქციო წესებს. ასევე, მისი მტკიცებით, საუბარია ცილისწამების ელემენტებზე – პროგრამაში გამოყენებულია განცხადებები, რომელთა სანდოობა და ინტერესთა კონფლიქტი აუდიტორიისთვის არ არის გამჟღავნებული.
მისივე თქმით, საჩივრით მოთხოვნილია სიუჟეტის შესაბამისი პლატფორმებიდან ამოღება და BBC-ის საჯარო ბოდიში უსაფუძვლო ბრალდებების გამო, მათ შორის სამართალდამცავების ქმედებებსა და მმართველი გუნდის რუსეთის ინტერესებთან კავშირზე გაკეთებული მტკიცებების გამო.
პაპუაშვილის განმარტებით, გასაჩივრების პროცედურის შესაბამისად, პირველ ეტაპზე უკვე მიმართეს თავად BBC-ს, ხოლო დარღვევის არაღმოფხვრის შემთხვევაში, საქმე გადაინაცვლებს ბრიტანეთის მედიარეგულატორში (ოფკომი) და საჭიროების შემთხვევაში – დიდი ბრიტანეთის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

  • No Comments
  • იანვარი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *