„მე აქ ჩემი ქვეყნის სახე ვარ, რომლის ღირსეულად წარმოჩენა უდიდესი ბედნიერებაა“
By

„მე აქ ჩემი ქვეყნის სახე ვარ, რომლის ღირსეულად წარმოჩენა უდიდესი ბედნიერებაა“

ურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში ქართული კულტურის ცენტრი დაფუძნდა. საზეიმო ღონისძიების თარჯიმნობა და წამყვანობა იქ მომუშავე ქართველმა ექიმმა ლანა ძოწენიძეყალაბეგაშვილმა ითავა. ცერემონიის დასრულების შემდეგ მასთან ინტერვიუ ჩავიწერეთ

ქალბატონო ლანა, ტრაპიზონში მომუშავე ქართველი ემიგრანტები როგორ აფასებთ ქართული კულტურის ცენტრის დაფუძნებას?

– ჩემი ოცნება იყო ტრაპიზონში ქართული კულტურის ცენტრის დაარსება და სიხარულით შევუერთდი ამ წამოწყებას. ემიგრანტობა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონი ახლოსაა საქართველოსთან, ყოველდღიური ცხოვრება არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ როცა მოგვინდება, საქართველოში ჩამოვიდეთ. ამიტომ ყველა ღონისძიება მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ქართველისთვის. ქართულ კონცერტს, სპექტაკლს ან გამოფენას როცა  ვესწრები, მგონია, რომ იმ დღეს საქართველოში ვიყავი და ბედნიერი ვარ. აქ მცხოვრები ყველა ქართველი მსგავს ღონისძიებებზე სიხარულით მოვდივართ-ხოლმე. ვთვლი, რომ ქართული კულტურის ცენტრის დაარსება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამ ქალაქში ცხოვრობთ და საქმიანობთ. ცოლქმარი ექიმები ხართ. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის პაციენტთან გაქვთ ურთიერთობ. როგორია მათი თვალით დანახული საქართველო და ქართველებ?

– ტრაპიზონში ყველას უყვარს საქართველო და ქართველები. დაინტერესებული არიან ქართული კულტურით, კულინარიით, ადათ- წესებით. ჩვენი თურქი მეგობრები საქართველოში როცა მოდიან, სიხარულით გვამცნობენ ამის შესახებ, რჩევებისთვისაც მოგვმართავენ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნამყოფია საქართველოს ერთ ქალაქში მაინც, არიან ოჯახები, რომლებსაც ტრადიციად აქვთ ქცეული, წელიწადში ერთხელ მაინც, საქართველოში მოგზაურობა. ყველგან მიჩვეული არიან ქართველებს – საავადმყოფოებში, ქალაქის ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებში. ბევრი, როცა გაიგებს რომ ქართველები ვართ, რამდენიმე ქართულ სიტყვას გვეუბნება. უხარიათ, რომ მცირედი მაინც იციან. მრავალიც გვთხოვს ქართული ვასწავლოთ.

ტრაპიზონის მოსახლეობა ერთ მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის. სხვა დარგებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება მედიცინა. თქვენი აზრით, ამ სფეროს ასე განვითარების საფუძველი რა იყო?

– თურქეთმა მედიცინაში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს უკვე. მე, როგორც ექიმი, ჩემს ხედვას დავაფიქსირებ. სწორადაა გათვლილი ინვესტიცია მედიცინაში, მიზნობრივად ხდება პროფესიონალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთ ქალაქში არ არის თავმოყრილი საუკეთესო კადრები, პროფესიონალი მედპერსონალი გაფანტულია მთელ ქვეყანაში, რაც არის საფუძველი, რომ ყველგან გაიზარდოს საუკეთესო ახალი თაობა. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია გამოცდილება. დიდი ქვეყანაა და საავადმყოფოებში მიმართვიანობა დიდია, რაც თავისთავად, ქმნის გამოცდილებას. ამ თემაზე ბევრი შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები.

კლინიკების პაციენტებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. დახმარებისა და თანადგომის რა მეთოდებს მიმართავთ, რომ ისინი კმაყოფილნი დარჩნენ?

– პირველ რიგში, ვცდილობ, პაციენტს ვაგრძნობინო, რომ მისი პრობლემის მოგვარებაზე ისე ვზრუნავთ, როგორც თვითონ, ზოგჯერ უფრო მეტადაც. მთავარი თანადგომა და ნდობაა, ერთ სიტყვას შეუძლია იმედი ჩაუსახოს პაციენტს და ბრძოლა დაიწყოს დაავადების დასამარცხებლად. ამიტომ, მუდმივად ვცდილობ, ჩემი პაციენტებისთვის, პირველ რიგში, იმედი ვიყო. უნდა გრძნობდნენ, რომ შორიდანაც კი მათ გვერდით ვარ. მეორე ფაქტორია სწორად გადამისამართება პროფესიონალთან. ასევე, მთავარია, გულწრფელობა. ყველა ადამიანი გრძნობს გულწრფელობას და აფასებს ამას. მე პირადად, ვცდილობ, ყველა პაციენტს ისე მოვექცე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს.

ასოციაციის დაფუძნებაზე თარჯიმნის რთული, მაგრამ საპატიო მოვალეობა დაგეკისრათ. თურქულს ჩინებულად ფლობთ. შვილები რომელ ენას ანიჭებენ უპირატესობას?

– ბავშვობიდან სულ მერიდება, როცა მაქებენ. ერთადერთი, როცა პირიქით – მე ვიქებ თავს, არის თურქული ენის ცოდნა. ვფიქრობ, რომ თურქულ ენას უკვე ისე ვფლობ, როგორც ქართულს, თან თვითნასწავლი ვარ. ჩვენ ჯერ შვილი არ გვყავს. ჩვენი ქართველი მეგობრების შვილები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ორივე ენაზე ერთნაირად საუბრობენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

როგორია კოლეგების, ქალაქის წამყვანი საზოგადოების დამოკიდებულება ემიგრანტებისადმი?

– 14 წელია, აქ ვცხოვრობ და არასოდეს მიგრძნია მათგან გარიყვა ან მსგავსი რამ. მრავალი თურქი ნაცნობი და მეგობარი გვყავს. ისინი როგორც ნათესავებს, ისე გვექცევიან. თვითონაც ამბობენ, ვინ იფიქრებდა, ორი ახალგაზრდა საქართველოდან ჩამოვიდოდა და შვილებივით და და-ძმასავით შევიყვარებდითო. საზოგადოება გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ მათი ნაწილი ვართ, გვაფასებენ და ვუყვარვართ.

აჭარის მთიანეთში დიდი სიყვარულით სარგებლობდა ძოწენიძეების გვარის ღირსეული წარმომადგენელი, აკადემიკოსი გიორგი სამსონის ძე ძოწენიძე. ბოლო წლებში სახალხო დღესასწაულშუამთობისსტუმარია ჯგუფურსასხელმძღვანელი გიორგი ძოწენიძე. მათთან ურთიერთობა თუ გაქვთ?

– ვიცი, რომ ორივე ჩვენი შორეული ბიძაშვილები არიან, რაც ძალიან მახარებს და მეამაყება. სამწუხაროდ, პირადად არ მქონია შეხება. მსმენია, რომ ჩემს გვარში მრავალი წარმატებული ადამიანია და ყველა მათგანს სიამოვნებით ვუმასპინძლებდი ტრაპიზონში.

მშობლიურ საქართველოსთან თქვენი განშორება კიდევ რამდენ წელს გასტანს?

– ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას და ხალხს აქ უფრო გამოვადგები, ვიდრე საქართველოში, წინ დიდი გეგმები მაქვს და მინდა, რომ განვახორციელო. მე აქ მარტო ლანა ძოწენიძე არ ვარ, მე აქ ჩემი ქვეყნის სახე ვარ, რომლის ღირსეულად წარმოჩენა უდიდესი ბედნიერებაა. მინდა, საქართველო კიდევ უფრო კარგი კუთხით დაინახოს არა მარტო ტრაპიზონმა, არამედ მთელმა თურქეთმა. წინ ბევრი კარგი საქმე მელოდება და ამიტომ, ჯერჯერობით, საქართველოში მუდმივად დაბრუნება გეგმაში არ მაქვს.

ისევ ასოციაციის დაფუძნებას, ქართველებთან ურთიერთობებს დავუბრუნდეთ აქაური, ძირძველი ქართველების დამოკიდებულება დედაენისადმი როგორია?

– სულ მეტირება, როცა ძირძველ ქართველებს შევხვდები. მათ გულში აქვთ უდიდესი პატრიოტიზმი. ჩემი აზრით, ქართველები ყველანი პატრიოტები ვართ, მაგრამ აქ მყოფი ძირძველი ქართველების გული და სული ასმაგად სავსეა ამ გრძნობით. მერედა, როგორ ეამაყებათ ქართველობა, ეგ ხომ ცალკე გულის ამაჩუყებელია. ზუსტად მსგავსი ასოციაციები და კულტურის ცენტრები უნარჩუნებს ამ ხალხს ქართველობით ბედნიერებას. როგორც ბავშვს სჭირდება დედის რძე, ისეა ქართული კულტურის ცენტრი აქ მცხოვრები ქართველებისთვის. დედაენა დიდი საგანძურია და ბევრ აქაურ ქართველს სახლში აქვს და პატივს სცემს ამ საუნჯეს.

თუ გაქვთ საქმიანი, ან მეგობრული ურთიერთობები იმ მიგრანტებთან, რომლებიც ნებაყოფლობით, ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ქართული ენის შემსწავლელ ცენტრებში საქმიანობენ?

 – ვიცნობ ერთ ძალიან კარგ ქალბატონს, რომელიც მუშაობს ქართული ენის შემსწავლელ ცენტრში, უნიჭიერესია, ფლობს რამდენიმე ენას და ძალიან ეხმარება ქართველებს.

წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღს ემიგრანტები რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
– სამწუხაროდ, ტრაპიზონში არ გვაქვს მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია, არის სუმელას მონასტერი, სადაც ყოველ წელს, აგვისტოში, მარიამობამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი და ტარდება წირვა-ლოცვა. რა თქმა უნდა, სულ ვესწრებით. დანარჩენ დღეებში სუმელას მონასტერში წირვა არ აღევლინება. ქალაქში არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ფუნქციონირებს. სხვა სარწმუნოებრივი აქტივობა ჯერ არ დაგეგმილა, ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქართული კულტურის ცენტრი, რომ მსგავსი თარიღები და ღონისძიებები დაიგეგმოს და აღინიშნოს. ასოციაციის ხელმძღვანელებთან აუცილებლად განვიხილავ ამ უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული თარიღის აღნიშვნის საკითხს.
რას უსურვებთ თქვენს მშობლიურ ქვეყანას?
– მინდა, რომ ყველა ქართველმა, შინ თუ გარეთ, დააფასოს საქართველო, არ შეარცხვინოს, არ შეურაცხყოს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ქართველს რომ დაინახავენ, უნდა უხაროდეთ. შინ მყოფმა – შინ, გარეთ მყოფმა – გარეთ უნდა გააკეთოს თუნდაც მინიმალური ჩვენი ქვეყნისთვის. მადლიერ და საამაყო შვილებს ვუსურვებ საქართველოს. რა თქმა უნდა, ვუსურვებ მშვიდობას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. მე ამაყი ვარ იმით, რომ ქართველი ვარ.
 ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *