საქსტატის ანგარიში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით გაიზარდა და 3 367.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 700.7 მილიონი აშშ დოლარით, ჩინეთი – 301.9 მილიონი აშშ დოლარითა და თურქეთი – 298.8 მილიონი აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 378.9 მილიონი აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 266.5 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს 236.8 მილიონი აშშ დოლარით.