ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობას შეუდგა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციას და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
„კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.