როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა? – სპეციალური კომისია უკვე მუშაობს
By

როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა? – სპეციალური კომისია უკვე მუშაობს

სასურსათო პროდუქციის ფასნამატებსა და ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ცნობილია, რომ პარლამენტში მუშაობის განახლებისთანავე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საკითხზე იმუშავებს. გარდა ამისა, კობახიძის ინიციატივით, უკვე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტოა ჩართული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზი გაუსვა ბიზნესის თავისუფლების აუცილებლობას, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა მიანიჭა მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.

„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და, ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. გვინდა, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში, ჯამური საშუალო ფასნამატი, ჩვენი დაანგარიშებით, შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც. შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, დეტალურად ისაუბრეს იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე. „განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ასევე იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები. „სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ გეგმაზე, ასევე პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მუშაობა; დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობით“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგი. დაისვა კითხვები ორივე მხრიდან და ყველა მზადაა, ნებისმიერი ციფრი გაიაროს ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეჟიმშიც.

რაც შეეხება კითხვას, – „თუ არის რესურსი, რის ხარჯზეც შეიძლება, მოხდეს ფასების კლება?“ – სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ერთი შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდებოდა და გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები დროთა განმავლობაში შემუშავდება.

„ასოციაციის წევრები და არამარტო, მოგეხსენებათ, სხვა ქსელური მარკეტებიც მონაწილეობდნენ შეხვედრაში, ყველა აბსოლუტურად მზადაა, ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდეგ გაირკვევა ზუსტად, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ არის რაღაც ციფრი უფრო მაღალი ან უფრო დაბალი და ა.შ. დღეს იყო მხოლოდ პირველი შეხვედრა და არაფერი კონკრეტული არ გამოკვეთილა. საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. იყო ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც და საკმაოდ გრძელი პროცესია. ერთი შეხვედრის ფარგლებში ეს ვერ გადაწყდებოდა. არაერთხელ გვისაუბრია ისეთ გამოწვევებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე. დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფოც თავისი მხრიდან მზად არის, ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში, თუმცა პირველივე შეხვედრაზე გამიჭირდება, კონკრეტული ვთქვა. რაც შეეხება რითეილერებს, ყველანაირი მონაცემები აბსოლუტურად საჯაროა. ატვირთულია რეპორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს. ჩვენ ყველანაირი სეგმენტის სუპერმარკეტები გვყავს, დაწყებული დისკაუნტერით, დამთავრებული პრემიუმ კლასის პროდუქციით, ვინც ვაჭრობს და, შესაბამისად, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. არის საჯარო ინფორმაცია, ასევე იკვლევს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია, მათ შორის „თბს კაპიტალი“, „გალტ ენდ თაგარტი“ და პერიოდულად ეს კვლევები იდება“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ქაშაკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი სამუშაო პროცესი აჩვენებს, ბუნებრივია თუ არა ფასნამატი.

„დაგვანახებს შემდგომი სამუშაო პროცესი. პრემიერის ინიციატივა ძალიან მისასალმებელია იმ კუთხით, რომ, როგორც მომხმარებელი, ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, რაღაც შესაძლებლობა თუ გამოჩნდება და ფანჯარა იქნება, რაც დაარეგულირებს ამ მიმართულებას, ჩვენც, „რითეილ ასოციაცია“ მივესალმებით. არის სხვადასხვა მექანიზმი – საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის შეღავათები. მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალია საბანკოს გადასახადები, ვგულისხმობ ბარათით ტერმინალზე გადახდისას. FMSG სექტორი საქართველოში ჯერჯერობით ვითარდება და განვითარების ეტაპზეა. ევროპას როცა ვედრებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე. წარმოებაც ადგილობრივი აქვთ და ა.შ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონული ექსპანსია აქვს, შესაბამისად, ყველაფერს სჭირდება დრო და შესაბამისი სამუშაოები. შეხვედრების შემდეგ გამოვლინდება, როგორი იყო ციფრები – რეალისტური თუ არარეალისტური“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა ასეთია:

კომისიას ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე;

კომისიის წევრები არიან:
1. მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2. დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
3. ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი;

  1. მიხეილ სარჯველაძე – ჯანდაცვის მინისტრი;
    5. მამუკა მდინარაძე – სუსის უფროსი;
    6. ლევან ჟორჟოლიანი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
    7. ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.

ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე პირველად ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა. მან მაღაზიებში სურსათზე ფასების ზრდაში სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს დასდო ბრალი. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო.

კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და საქმიანობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. მუშაობის პროცესში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროდუქციის რეალურ ღირებულებაზე, ფასის შემადგენელ კომპონენტებსა და შესაძლო არალოგიკურ ფასნამატებზე. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად დაიწყება.

 

  • No Comments
  • იანვარი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *