27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უსაფრთხო საცხოვრებელი შეიძინა
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უსაფრთხო საცხოვრებელი შეიძინა. ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრების რეგისტრაციის პროცესს მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრო.
„საცხოვრებელი პირობები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 122 წევრმა გაიუმჯობესა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 350 000 ლარი გამოიყო. წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 170 საცხოვრებელი სახლის შეძენა, ჯამში 8 742 000 ლარი გამოიყოფა“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებლის შეძენა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლიათ. ეკომიგრანტ ოჯახებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართები შეისყიდონ ახალაშენებულ მრავალბინიან სახლებში ან მიიღონ თანადაფინანსება სახლის მშენებლობისთვის, უსაფრთხო ადგილზე მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი საცხოვრებელი თანადაფინანსებით ჯამში 1056-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
