ნათია ლაბაძე პირველი ქალი კაპიტანია საქართველოში
By

ნათია ლაბაძე პირველი ქალი კაპიტანია საქართველოში

ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, მას კაპიტნის წოდება მიანიჭა.

ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.

სააგეტოში აცხადებენ, რომ ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია საზღვაო დარგში ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით. მათივე თქმით, ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად, სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ – მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ, ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია,“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *