განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა. დირექტორობის მსურველია ირაკლი კიკვაძე. კონკურსის პირველი ტური ორშაბათს გაიმართება.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

ირაკლი კიკვაძე ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით. შემუშავებული აქვს ტელევიზიის განვითარების განსხვავებული და ინოვაციური კონცეფცია, რომელსაც იგი სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრების ეტაპზე წარადგენს.