ვიქტორ ორბანი: უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში სიტყვით გამოსვლისას ზღვარი გადაკვეთა
„გუშინ დავოსში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზღვარი გადაკვეთა. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მისი სამიზნე უნგრეთის მთავრობა და პირადად მე ვარ. თუმცა, გასაკვირი ის იყო, რომ თავის გამოსვლაში მან ასევე გააკრიტიკა ყველა სხვა ევროპელი ლიდერი. ის ამბობს, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერა არასაკმარისია, იარაღი არასაკმარისია და ევროპის მონდომება არასაკმარისია“, – აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, ბრიუსელიდან პასუხის მიღებას დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.
„გუშინ საღამოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა უკრაინის განვითარების გზამკვლევი. მასში ბრიუსელელებმა უკრაინის ყველა მოთხოვნა მიიღეს. 800 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება 2027 წლამდე და შემდგომი მხარდაჭერა 2040 წლამდე. აი, როგორ არის საქმე. პრეზიდენტი ზელენსკი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ბრიუსელელები მზად არიან გადაიხადონ. ამაზეც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი. მალე იქნება ეროვნული პეტიცია, რომლის მეშვეობითაც ბრიუსელს მკაფიო გზავნილს გავუგზავნით: არ გადავიხდით!“, – აცხადებს ორბანი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მისმა სანქციებმა ისევე ეფექტიანად დაბლოკოს მტრები, როგორც ამერიკულმა სანქციებმა. მისი თქმით, ძალები, რომლებიც ევროპის განადგურებას ცდილობენ, ერთი წამითაც არ შეწუხებულან და თავისუფლად მოქმედებენ, ევროპის შიგნითაც კი. „ყოველი ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულის ხარჯზე ცხოვრობს და ამავდროულად ევროპული ინტერესების გაყიდვას ცდილობს, თავში წამორტყმას იმსახურებს. თუ ის კომფორტულად გრძნობს თავს მოსკოვში, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავუშვათ, რომ ევროპული დედაქალაქები პატარა მოსკოვები გახდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.