ვაშაძემ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
„სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან შემართებით ვართ, ოპტიმისტურად განწყობილი. ემოცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარია. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. მინდა, რომ საპატიმროში არავინ არასდროს აღარ იყოს. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო. განსაკუთრებით, როცა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს შორდები, თქვენ ყველას. მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია.
მინდა მადლობით დავიწყო – დიდი მადლობა ყველას ვისგანაც ბევრ წერილს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით. მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ გვაძლიერებს ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.