ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტს გაეცნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძეთან ერთად, ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთზე იმყოფებოდა და პროექტს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 11.3 კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 8 კილომეტრამდე გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25–30 წუთით შემცირდება. ბათუმი–სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.
პროექტს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ჯაბა სურმანიძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე.
გალერეა

