ირაკლი კობახიძე: საბაჟო სამსახური საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული ჰაბის სტრატეგიის ფუნდამენტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ისინი ქვეყანას ემსახურებიან.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საბაჟო სამსახურის საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, სწორედ ის ქმნის სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების მყარ საფუძველს. მისი თქმით, საბაჟო უზრუნველყოფს კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული თუ სახიფათო პროდუქციისგან. პრემიერის შეფასებით, საბაჟო სისტემა თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობა ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. „საქართველო საიმედო პარტნიორია ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდი სახელმწიფოსთვის, რომელთაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას სთავაზობს“, – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს როგორც მოქალაქეებს, ისე პარტნიორებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, მშრალ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომლებიც შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებას ემსახურება.
პრემიერმა ასევე, ისაუბრა სანქციების აღსრულების პროცესზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. მისი თქმით, საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.
„მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება, რაც ნათლად ადასტურებს საქართველოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და ქვეყნის, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, თანამშრომლების ღირსეულ სამუშაო პირობებზე ზრუნვასა და სისტემის განვითარებას, რადგან საბაჟო სამსახურის წარმატება პირდაპირ აისახება ქვეყნის სიძლიერეზე. მან საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა პროფესიული დღე და მშვიდობა და წარმატებები უსურვა.