ოპოზიციური ლიდერები – ერთიანობასა და სამომავლო ნაბიჯებზე
By

ოპოზიციური ლიდერები – ერთიანობასა და სამომავლო ნაბიჯებზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ძალების გაერთიანების საკითხი აქტუალურია, თუმცა ერთიანობის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით განსხვავებული აქცენტები კეთდება. ოპოზიციონერი ლიდერები საუბრობენ როგორც ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე, ისე მიმდინარე კონსულტაციებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ოპოზიციური ერთიანობა რეალური მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ამომრჩევლის თვალში მკაფიოდ გამოჩნდება ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური გუნდი. მისი თქმით, ფორმალურ შეთანხმებებსა და დეკლარაციებზე ხელის მოწერას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„ოპოზიციური ერთობა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომელზეც ამომრჩეველი იტყვის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების რეალური ალტერნატივა. ხალხმა უნდა დაინახოს კონკრეტული გუნდი მკაფიო ლიდერშიფით, პასუხისმგებლობის აღების უნარით ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე. შეთანხმებები, დეკლარაციებზე ხელის მოწერა და რამდენიმე დღით გაპიარებული შეხვედრები ჩემთვის ერთიანობას არ ნიშნავს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კვლავ რჩებიან პოლიტიკური პატიმრები. ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარ ამოცანად „რეჟიმის შეცვლა“ რჩება.
„გვიხარია გივი თარგამაძის თავისუფლება, თუმცა საერთო სურათი მძიმეა, რადგან ბევრი პოლიტიკური პატიმარი ჯერ კიდევ ციხეშია. მთავარი ამოცანა არის რეჟიმის შეცვლა, რათა ამ ადამიანებმა თავისუფლება მოიპოვონ“, – აღნიშნა მან.
გივი თარგამაძე, რომელმაც რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულება, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა, აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. „ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები. კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. პატიმრობა თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია და საფრთხეების გამო არ ბრძოლა მარცხია. ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისი შეფასებით, არსებული რეჟიმი „ბევრად მოწყვლადია“, ხოლო საზოგადოების მზადყოფნა ბრძოლის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია.
ოპოზიციური ძალების კონსულტაციებზე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მისი თქმით, პარტიებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია და ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზეც მიმდინარეობს საუბარი.
„პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, თუმცა ეს პროცესი დაიწყო მანამ, ვიდრე ციხიდან გამოვიდოდი. არის პროგრესი და საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ-ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები სამოქალაქო ჯგუფებს შორის და ოპოზიციურ სპექტრში არსებობს გააზრება, რომ ძალების გაერთიანების გარეშე ხელისუფლებასთან დაპირისპირება გართულდება.
„ყველას აქვს გააზრებული, რომ გაერთიანების გარეშე ასეთ რეჟიმთან დაპირისპირება რთული იქნება და გამარჯვებამდე მისვლა ბევრ დროს წაიღებს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ოპოზიციური ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, რომ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარეობს კონსულტაციები ერთიანობის სხვადასხვა ფორმაზე, თუმცა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივის წარმოდგენა ამომრჩევლისთვის კვლავ პროცესის ეტაპზეა.

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *