ეროვნული დიალექტოლოგიის ახალი შენაძენი
By

ეროვნული დიალექტოლოგიის ახალი შენაძენი

ნაყოფიერი და შემოქმედებითი საქმიანობით იყო დახუნძლული 2025 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის. „სასწაული შედეგებია, 2025 წლის ნაღვაწიც დათვლილია – სულ 10 აკადემიური, სამეცნიერო გამოცემა. აქედან ორი კონფერენციის მასალებია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებშია რეგისტრირებული“, – აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე. 10 წიგნიდან აღსანიშნავია ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევების კრებული „აჭარა“, „აჭარული საუნჯე“, ტომი მე-6, „ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“, „ჩვენებურების ქართული“, ტომი მე-3, „ეთნოგრაფიული აჭარა“ და სხვა. წლის უნიკალურ გამოცემად მკვლევრებმა და დიალექტოლოგიის კვლევით დაინტერესებულებმა „აჭარული დიალექტის ლექსიკონი“ მიიჩნიეს, რომლის საჯარო წარდგინება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. წიგნის შემდგენლები არიან: ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები ელზა ფუტკარაძე, ნანული ნოღაიდელი, ციალა ნარაკიძე, ნარგიზ ახვლედიანი, ნაილე მიქელაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ის ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე. წიგნი გამოიცა ელზა ფუტკარაძის საერთო რედაქციით.

ახალი გამოცემის შესახებ ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა ელზა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ, პოეტმა ვახტანგ ღლონტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, რეცენზენტმა, პროფესორმა ეკა დადიანმა, პუბლიცისტმა ოთარ ცინარიძემ, ემერიტუს-პროფესორმა შორენა მახაჭაძემ, ოსმან ჩალიშქანმა (მჟავანაძე) და სხვებმა.

წარდგინებაზე ითქვა, რომ აჭარა იმ კულტურული სივრცის ნაწილია, რომლის შესახებ ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენი სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა… სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული იქიდამ ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას ერთ დროსა“. ბუნებრივია, კულტურულად დაწინაურებული დიდებული მესხეთის ნაწილმა – აჭარამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ერთიანი ქართული სალიტერატურო ენის ფორმირებაში. კილოკავებით, თქმებით, ქცევებით მდიდარი აჭარული კილო საინტერესო ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური თავისებურებებით ხასიათდება. განსაკუთრებით სახასიათოა მისი ლექსიკა.

აჭარული დიალექტის ლექსიკით დაინტერესებასა და მის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ მიმართებით არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გვხვდება, მათ შორისაა შოთა ნიჟარაძის მონოგრაფია -„ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა“. იგი შეიცავდა 8000 სიტყვას, რომელთაც ავტორი იმოწმებდა სხვადასხვა ავტორთა დიალექტოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიდან, ზეპირსიტყვიერებისა და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებიდან.

აჭარული კილოს თავისებურებათა მეცნიერულ შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჯემალ ნოღაიდელს. ფოლკლორულ-ეთნოლოგიურ მასალასთან ერთად, ის დიდ ყურადღებას უთმობდა აჭარული კილოს ლექსიკის მოძიებას. ფიქრობდა აჭარული დიალექტის ლექსიკონის გამოცემას, თუმცა ვერ მოასწრო. ბარათებზე გადატანილი 4000 ლექსიკური ერთეული შემონახული იყო მის არქივში. აღსანიშნავია, რომ აჭარული კილოს აღნიშნული სალექსიკონო მასალის ნაწილს იცნობდა ცნობილი მეცნიერი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ შემდგენელი ვარლამ თოფურია. ლექსიკონში 16146 ლექსიკური ერთეულია წარმოდგენილი. ამასთანავე, ხატოვანი სიტყვა-თქმებიცაა შეტანილი.

– „აჭარული დიალექტის ლექსიკონის“ გამოცემით დიდი და საშური საქმე გაკეთდა. აჭარული დიალექტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთი შენაკადია. განსაკუთრებით სახასიათოა აჭარული დიალექტი. წიგნში წარმოდგენილია უძველესი ლექსიკური ერთეულები, საერთო ქართველური ლექსემები, ზანური ფენა, ლექსიკური დიალექტიზმები, ახალი წარმონაქმნები, უცხო ენობრივი ნასესხობანი, – აღნიშნა დავით თედორაძემ.

წარდგინებაზე მადლობა გადაუხადეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს წიგნის გამოცემისთვის გაწეული მატერიალური და მორალური მხარდაჭერისთვის.

„აჭარული დიალექტის ლექსიკონი“, ძირითადად, გათვალისწინებულია ენათმეცნიერთათვის. მასში ასევე, მრავალი საინტერესო მასალაა ჩვენი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ისტორიის მკვლევრებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის.

წიგნის სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში ელზა ფუტკარაძესთან ერთად შედიან: ნოდარ კახიძე, როინ მალაყმაძე, თამილა ლომთათიძე, ნაილა ჩელებაძე, ფატი აბაშიძე, ცისნამი ბერიძე, კაკალა ებრალიძე, რეცენზენტები – გიორგი გოგოლაშვილი, ეკა დადიანი და მარიამ კობერიძე, კომპიუტერულად უზრუნველყო ეთერ ხეცოიძემ.

 

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *