ევროკავშირმა 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საბჭომ 2027 წლიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მხარი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაუჭირეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი სლოვაკეთი და უნგრეთი იყვნენ. უნგრეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მიღებულ კანონს ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება 2024 წლის 17 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინადადებას ითვალისწინებდა. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი რუსეთიდან გაზის შესყიდვებს ეტაპობრივად შეწყვეტს: თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდება – 2027 წლის 30 სექტემბრამდე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისს – წევრ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა, აკრძალვის ამოქმედების ვადა არა უგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრამდე გაახანგრძლივონ იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის სეზონის დაწყებამდე გაზის საცავების შევსებას ვერ შეძლებენ.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებამდე რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40 პროცენტზე მეტს აწვდიდა. ევროკავშირის უახლესი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 13 პროცენტამდე შემცირდა.