ახალი წიგნები
„მზე ანათებს ჩემი გულიდან“
წიგნი „მზე ანათებს ჩემი გულიდან“ მზია თავართქილაძის ლექსების პირველი კრებულია, რომელიც ახლახან მიიღო მკითხველმა. მისი პოეზია გაჯერებულია პატრიოტიზმით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, ლირიზმით. წიგნი იხსნება რამდენიმე წლის წინ გაზეთ „აჭარაში“ დაბეჭდილი ინტერვიუთი, სადაც მზია თავის ოცნებას ამხელს; იგი იმ დროს ნატრობს, როცა წიგნის თაროს მისი ლექსების კრებული შეემატება. ოცნება 2026 წლის დასაწყისში აისრულა.

წიგნის გადაშლისთანავე მკითხველის ყურადღებას მიიქცევს სტრიქონები ლექსიდან „საქართველო ვარ!“
„ატმის ტოტებზე ამოხეთქილი კვირტის გული ვარ,
მიწის წიაღში ჩამაგრებული მუხის ფესვი ვარ,
ცაზე მიბნეული, მოკაშკაშე ვარსკვლავები ვარ,
მზე რომ ამოვა, ამოანათებს, მისი სხივი ვარ“.
მზიას ფრიად საინტერესო ბიოგრაფია აქვს – დაიბადა ქობულეთში, საშუალო სკოლა დაამთავრა ხულოში, გათხოვდა შუახეველ ჭაბუკზე, ცხოვრობს და მუშაობს ბათუმში. როგორც წიგნის რედაქტორი აღნიშნავს, ყველა კუთხის ტკივილი აწუხებს. ერთი ლექსით თუ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, მეორეთი მიტოვებულ სოფელზე დარდობს.
„სენად მეყრება ჯავრები,
გულზედ დერდები მერევა,
სოფლად კაშკაშა სახლები,
თვალ და ხელს შუა მელევა.“
ლირიკულია მისი ლექსი „შემომეხიზნა შენზე ფიქრები“:
„ვერ ჩავანელე ჭრილობის ცეცხლი,
სულში ღია მაქვს ყველა იარა,
ვინაც ჩემს ზღურბლზე ფეხი წამოკრა,
სულ ყველამ გულზე გადამიარა“
წიგნის ავტორისთვის არც აჭარული დიალექტია უცხო. ლექსიც ასე დაუსათაურებია „აჭარული“:
„ნეტავ ახლა გამაჩინა
ჩემი ბაბოს ნაფუძარში,
გამაზმორა ხმელ სედრეზე,
ყართოფეს შევყრი მუგუზალში“.
მზია თავართქილაძის პირველ წიგნში 350-ზე მეტი ლექსია შეტანილი. ავტორი უკვე მეორე წიგნის გამოცემას გეგმავს.
ცოტნე ცაბაძე