პირველი ქართველი ქალი კაპიტანი – გზა, რომელმაც ისტორია შეცვალა
By

პირველი ქართველი ქალი კაპიტანი – გზა, რომელმაც ისტორია შეცვალა

საზღვაო სფერო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მამაკაცების პროფესიულ დომინაციას უკავშირდებოდა და ქალებისთვის თითქმის მიუწვდომელ სივრცედ ითვლებოდა, ახალი ეტაპის დაწყების საწინდარი გახდა – საქართველოში პირველად, საზღვაო ნაოსნობაში ყველაზე მაღალი პოზიცია 33 წლის ნათია ლაბაძემ დაიკავა, იგი კაპიტანი გახდა.
ბათუმელი გოგონა მეზღვაურების ოჯახში გაიზარდა. ბავშვობაში შორეული ნაოსნობის ისტორიებით იძინებდა და კაპიტნობაზე ოცნებობდა. გზა, რომელმაც იგი გემის ხიდურამდე მიიყვანა, სავსე იყო სირთულეებით, გენდერული სტერეოტიპებითა და შინაგანი ბრძოლებით, მაგრამ ასევე – რწმენით, გამძლეობით და პასუხისმგებლობის უზარმაზარი გრძნობით.
ინტერვიუში ნათია გულწრფელად გვიყვება, როგორ იქცა ბავშვობის ოცნება რეალობად, რას ნიშნავს გემსა და ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა და რატომ უნდა ჰქონდეთ გოგონებს საკუთარი ძალების რწმენა მაშინაც კი, როცა მთელი სისტემა მათ წინააღმდეგაა.

ნათია, როდის მიხვდით, რომ გემზე მუშაობა თქვენი პროფესიული გზა უნდა გამხდარიყო?
– ძალიან პატარა ვიყავი, როცა მეზღვაურობამ დამაინტერესა. მამაჩემი და ბიძები (მამის მხრიდან) მეზღვაურები იყვნენ. ჩემი ძმა და ბიძაშვილებიც მოქმედი მეზღვაურები არიან და ასე ვთქვათ, ჩემს ძარღვებში მეზღვაურების სისხლი ჩქეფს. მამა ყოველთვის მიყვებოდა შორეული ნაოსნობის ისტორიებს, რომლებზეც გავიზარდე და ვფიქრობ, სწორედ ამ ისტორიებმა მომიყვანა დღევანდელ გზამდე. სულ მაინტერესებდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ცხოვრობდა ხალხი, როგორ მოგზაურობდნენ, რით იკვებებოდნენ. ჩემს ბავშვურ სამყაროში ამ პროფესიის საშუალებით ბევრი ადამიანის გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნის ნახვა და უცხო ხილის დაგემოვნება მინდოდა (იცინის).

კადეტობიდან დაწყებული გზა რომ გაიხსენოთ, რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული თქვენთვის?
– ყველაზე რთული ეტაპი სანამ კადეტი გავხდებოდი, იქამდე მქონდა, როცა სხვადასხვა კომპანიაში გავდიოდი გასაუბრებებს. რთული იმ მხრივ იყო, რომ მაშინ ყველა კომპანიას არ აჰყავდა სამუშაოდ ქალი მეზღვაური გემზე, მხოლოდ კოლუმბიის ერთადერთ კომპანიას აჰყავდა. არადა, აკადემიის დასრულების შემდეგ გემზე წასვლაზე ვოცნებობდი, ჩემს სწავლას და გარჯას უშედეგოდ რომ არ ჩაევლო. ხუთი სხვადასხვა გასაუბრება გავიარე, მათ შორის ლატვიის, შემდეგ გერმანიის კომპანიებთან. ძალიან დატვირთული თვე მქონდა. აკადემიას რომ ვამთავრებდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ყველა ეტაპი გავიარე და მალე გემზე წავიდოდი. იმ მომენტში, მგონი, ჩემზე ბედნიერი მსოფლიოში არავინ იყო. ისე მიხაროდა, სახლში ხტუნვა დავიწყე (იცინის).

ყოფილა თუ არა მომენტი, როცა დანებებაზე გიფიქრიათ? რა დაგეხმარათ, რომ გადაწყვეტილება არ შეგეცვალათ?

– სხვათა შორის, ბევრჯერ მქონია ასეთი მომენტი, ხომ არ დავანებო თავი ამ საქმიანობას-მეთქი – წამიერად რომ გაგიელვებს. ბევრი სირთულე გადავლახე და ძირითადად, მამაკაცებისგან მოდიოდა არასასურველი ქმედებები. იყო მომენტები, როცა ცდილობდნენ, რომ დაეტვირთეთ, ან სპეციალურად ისეთი სამუშაო დაეკისრებინათ, რომელსაც, მათი აზრით, ვერ გავუმკლავდებოდი, ცუდი მომენტია, მაგრამ ყოველ ჯერზე ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ სხვა ვერავინ დამეხმარებოდა და თავი ხელში უნდა ამეყვანა, რომ საკუთარი ცხოვრების პატრონი თვითონ ვარ. მახსოვს, ჩემს მეგობარ გოგონას, რომელთან ერთადაც გემზე ვმუშაობდი (მაშინ კაპიტნის მესამე თანაშემწე ვიყავი, ის – კადეტი), კედელზე ჰქონდა გაკრული მისთვის სტიმულის მომცემი სიტყვები: შენ ძლიერი ხარ, შენ ყველაფერს შეძლებ! ის სიტყვები მახსენდება ყოველთვის, მის ოთახში რომ შევდიოდი და ვკითხულობდი. მე საკუთარ თავს ჩუმად ვეუბნებოდი ამ სიტყვებს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ყველაფერს შევძლებდი!

კაპიტნის წოდების მინიჭებისას რა გრძნობა დაგეუფლათ?

– ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს, იმდენად დიდ ემოციებში ვარ. ორი საკმაოდ რთული გამოცდა ჩავაბარე, სანამ დიპლომს ავიღებდი. გამოცდის წინ ძალიან ვნერვიულობდი, რომ ჩავიჭრა, როგორ შევხედო იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი იმედი აქვთ-მეთქი. ყველანაირ საკითხს გადავხედე, ყველა წიგნი და რვეული გადავიკითხე, რაც აქამდე გემზე მუშაობისას გამოვიარე, ყველა სიტუაციას ვიხსენებდი და ეს გამოცდის ჩაბარებაში ძალიან დამეხმარა. კაპიტნის წოდება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტათი შიშის მომგვრელიც, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერია, ყველაფერი ღირს ამად. გინდა, რომ გაარღვიო ეს სივრცე და გახდე კაპიტანი.

გემზე მუშაობისას, თავდაპირველად როგორი რეაქცია ქონდათ? ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთობა მარტივად გამოგივიდათ?

– გემზე ყოფნის პირველი დღე რაღაც საოცარი იყო. პირველი 10 დღე სახლი უზომოდ მენატრებოდა, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანები შემხვდნენ, ისეთი კარგი კონტრაქტი იყო, რომ 8 თვე დავრჩი, რაც იქამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ქართველებზე ლაპარაკი ზედმეტია, რუსები და უკრაინელებიც კი არ გვყავდა, რუსულად მაინც რომ მესაუბრა. ეკიპაჟის წევრები, ძირითადად, უცხოელები იყვნენ (უმეტესად ფილიპინელები) და ინგლისურად გვიწევდა კონტაქტი. ქართველები მხოლოდ ორჯერ გვყავდა, ისიც მაშინ, როცა უკვე კაპიტნის მეორე, უფროს თანაშემწედ ვმუშაობდი.

ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ?

– სამწუხაროდ, კი, ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი. გემზე ახალი კაპიტანი, ან უფროსი თანაშემწე რომ ამოდიოდა, ყოველთვის ალმაცერად მიყურებდნენ. მათ მზერაში ვკითხულობდი – ეს რას იზამს, ამას როგორ შეძლებს. . . ახლა ცოტათი შეიცვალა სიტუაცია, ერთი მეორეს იცნობს, როცა გემზე პერსონალი იცვლება, უკვე იციან – ვინ არის გემზე და რას წარმოადგენს. ყოველთვის ვცდილობ, გემზე მაშინ მოვხვდე, როცა ეკიპაჟი იცვლება (უფროს თანაშემწეებს ვგულისხმობ), რადგან სხვა დროს ყოველთვის ეჭვქვეშ დგება ჩემი პროფესიონალიზმი სქესის გამო.

თქვენი აზრით, რას აფასებს ეკიპაჟი ყველაზე მეტად კაპიტანში და თქვენ როგორი კაპიტანი იქნებით?

– ყველაზე მეტად აფასებენ უბრალოებას და მეგობრულობას, თუმცა მუშაობის დროს მკაცრიც უნდა იყო. შიშით არ უნდა ეშინოდეთ, უნდა გაფასებდნენ. თუ ეკიპაჟში დაფასებას მოიპოვებ, ყველანაირ მდგომარეობაში გვერდით დაგიდგებიან და ეს არის ყველაზე მთავარი. ოქროს შუალედიც უნდა დაიცვა ამ დროს, არც ძალიან რბილი უნდა იყო და არც გადამეტებულად მკაცრი. ალბათ, მეც ამ შუალედს დავიცავ.

რა არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, როცა გემსა და ადამიანების უსაფრთხოება გაბარიათ?

– ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ადამიანების უსაფრთხოებაა, ეს უპირველესია, შემდეგ უკვე – გემის და ტვირთის იმიტომ, რომ გემს და ტვირთს რაღაც ყოველთვის ეშველება. ცხადია, ერთხელ ვცხოვრობთ და ყველას გვინდა, რომ სახლში ჯანმრთელად დავბრუნდეთ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნო და ოჯახში უვნებელი დააბრუნო.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე გემზე?

– ჩემი დღე გემზე დილის 4 საათზე იწყება. 15 წუთით ადრე ხიდურაზე ავდივარ და დილის 8 საათამდე ვახტაზე ვარ. დილის 6 საათზე ბოცმანი ამოდის, რომელიც ეკიპაჟისთვის ინფორმაციის მიწოდებაში მეხმარება. ვამზადებთ ყველა საჭირო ინფრომაციას – რა უნდა გააკეთონ ეკიპაჟის წევრებმა მთელი დღის განმავლობაში. დილის 8 საათზე, როცა ღამის ვახტა სრულდება, საუზმეზე ჩავდივარ. შემდეგ გარეთ გავდივარ და ვამოწებ, რა არის გასაკეთებელი. ყველაფერი დროულად რომ მოვასწროთ, წინასწარ რამდენიმე დღის, ან ერთი კვირის გასაკეთებელ საქმეებსაც ვგეგმავ. ვამოწმებ პორტებში შესასვლელ გეგმასაც. 12 საათზე სადილზე გავდივარ, შემდეგ, სადღაც 2 საათი, ვისვენებ, 16:00 საათზე კი ისევ ვახტაზე ავდივარ. 20:00-მდე იქ ვარ, შემდეგ ჩავდივარ, თუ დასვენების დროა, ვისვენებთ, თუ რაიმე საქმეა, ამ საქმეს ვაგვარებთ. ასე რომ, გემზე 24/7-ზე მუშაობაში ხარ. დასვენების დრო დიდად არ გვაქვს.

ზღვაში ცხოვრებისას, რა არის ის, რაც ხმელეთზე მყოფ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ესმით?

– ხმელეთზე მყოფ ადამიანებს, რისიც ყველაზე ნაკლებად ესმით, ეს არის ჩვენი არანორმალური გრაფიკი და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებენ. ასევე, ნებისმიერ პოზაში რომ უნდა შეძლო დაძინება და ზოგჯერ ძილის ის 5 წუთიც რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყოფილა დღეები, სამი-ოთხი დღე გადაბმულად საერთოდ რომ არ მეძინა და შემდეგ ძალიან გამოფიტული ვიყავი, მაგრამ ვერ დაისვენებ, იმ დროს, იმ მომენტში შენ საქმისთვის ჭირდები ყველას. ალბათ, მეზღვაურების სპეციფიკურ ხუმრობებსაც ვერ გაიგებენ.

ყოფილა თუ არა განსაკუთრებულად სახიფათო ან ემოციური სიტუაცია, რომელმაც პროფესიულად შეგცვალათ?

– კადეტობისას, როცა პირველად ვიყავი გემზე, ასვლიდან მე-2, თუ მე-3 თვეს, ზღვაში შტორმი დაიწყო. ჩემთვის მაშინ პირველი შტორმი იყო (მას შემდეგ უფრო საშინელი შტორმებიც ამიტანია) და დავპანიკდი. მთელი ღამე თეთრად გავათენე, სამაშველო ჟილეტი ჩავიცვი და ხალხის გაქცევას ველოდებოდი. თუ ვინმე სადმე შეიმალება, ჩემი წაყვანა არ დაავიწყდეთ-მეთქი და კარი გავაღე, ყოველი შემთხვევისთვის. დილის 5 საათზე, როცა მივხვდი, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს და ყველას სძინავს, რომ ხვალ დილით ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყება, საკუთარ თავს შემოვუძახე და იმ იმედით, რომ დილით არავინ გამათავისუფლებდა სამსახურიდან, დავწექი და დავიძინე (იცინის).

რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველი ქალი კაპიტანი ხართ?
– ჯერჯერობით კიდევ ისეთ ემოციებში ვარ და ისეთ ეიფორიაში, რომ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს. დიპლომი რომ ავიღე, მთელი დღე სახლში ვიყავი, გარეთ არ გავსულვარ, სოციალური ქსელები აფეთქდა, რაც ძალიან მახარებდა. ჩემი მეგობარი მწერდა (ბიჭია), მე რომ კაპიტანი გავხდი, ძაღლსაც არ დაუყეფია, შენზე მთელი ინტერნეტი გადაიწვაო (იცინის). ემოციების ზღვა იყო. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე.

გრძნობთ, რომ თქვენი მაგალითი სხვებსაც გზას ხსნის?

– ეს მაშინ ვიგრძენი, როცა გოგონებმა ჩემს შემდეგ საზღვაო აკადემიაში ჩაბარება, სწავლის დამთავრება და გემზე წასვლა შეძლეს (საზღვაო სპეციალობით). ზოგს სწავლაც დაუფინანსეს და სრულიად უფასოდ სწავლობდნენ. ჩემს დროს არ ფინანსდებოდა. გრანტი მქონდა აღებული და ასე ვთქვათ, ჩემი სწავლით გადავიხადე. მიხარია, ასე რომ ეხმარებიან გოგონებს, მათ შორის გემზე წასვლაშიც და აქვთ საშუალება, ეს შანსი გამოიყენონ. ჩემს დროს ძალიან რთული სიტუაცია იყო. არავის უნდოდა ჩემი გემზე აყვანა. ერთ-ერთ გასაუბრებაზე ისიც კი მითხრეს, გოგო ხარ, გათხოვდი, დაჯექი სახლში და ყველაფერი კარგად გექნებაო. გენდერულ უთანასწორობას ვგრძნობდი ყველგან, მაგრამ მიხარია, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამომივიდა.

რას ურჩევდით გოგონებს, რომლებიც საზღვაო კარიერაზე ფიქრობენ, მაგრამ ეჭვი ეპარებათ?

– დღეების წინ ერთმა გოგონამ მომწერა – 16 წლის ვარ, საზღვაო აკადემიაში ჩაბარება მინდა და რას მირჩევ, ჩავაბარო თუ არაო. მე რომ ვაბარებდი, ვინმესთვის კითხვის შესაძლებლობაც არ მქონია, რადგან ამ მიმართულებით არ არსებობდა ქალი, ვისაც რჩევას ვკითხავდი. მიხარია, რომ ჩემგან რჩევას ელიან, თუმცა რაც უნდა გადაწყვიტონ, ეს მხოლოდ მათი არჩევანია. როგორაც უნდა აღვუწერო გემზე სიტუაცია, როგორაც უნდა დავუხატო ის ემოციები და არაჩვეულებრივი დღეები, რომელიც ელის, იმ რთული დღეების გათვალისწინებით, რომელიც თავად უნდა გაიაროს, რადგან წარმოუდგენელია ნებისმიერი პროფესია სირთულის გარეშე, არჩევანი მაინც მასზეა. ყველა ასეთ გოგონას ვეუბნები, რომ თუ მონდომებულია და იცის, რომ ამ პროფესიას შეეჭიდება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. თუ ყველაფრისთვის მზად არაა, მაშინ ეს არ არის მისი პროფესია.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით საქართველოს საზღვაო სფეროში?

– საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ყველანაირად ხელს გვიწყობენ და მხარში გვიდგანან, რომ წინ წავიდეთ და ქართველი მეზღვაური მოთხოვნადი იყოს ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. შეცვლით, ნამდვილად არაფერს შევცვლიდი. ძალიან კარგი, თავისი საქმის პროფესიონალები მუშაობენ აქ, ყველაფერს აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მადლობა მათ ამისთვის.

– ისეთი პროფესია აირჩიეთ, ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება გვერდით გადადეთ. . . როგორ ფიქრობთ, ოჯახის შესაქმნელად როდის იქნებით მზად?

– უკვე მზად ვარ ოჯახის შესაქმნელად, ჩემი შემდეგი ოცნება ეგ არის.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *