გიორგი ოჩხიკიძის გზა – კალათბურთში
გაზეთ „აჭარის“ სტუმარია ახალგაზრდა კალათბურთელი გიორგი ოჩხიკიძე, სპორტსმენი, რომლისთვისაც კალათბურთი პროფესიული არჩევანი კი არა, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბურთთან ერთად გაზრდილი, დისციპლინითა და შრომით ჩამოყალიბებული მოთამაშე დღეს საკალათბურთო კლუბ „ბათუმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.
გიორგის თამაშში იგრძნობა ხასიათი, პასუხისმგებლობა და მუდმივი სწრაფვა წინსვლისკენ, პრინციპი, რომლის მიხედვითაც გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც არ ჩერდება. ინტერვიუში ის გულწრფელად გვიყვება საკუთარ გზაზე, სირთულეებზე, მოტივაციასა და იმ მიზნებზე, რომლებიც ყოველდღე უბიძგებს განვითარებისკენ.
– გიორგი, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა კალათბურთთან და რა გზა გაიარეთ პირველ ნაბიჯებამდე?
– ჩემი გზა კალათბურთში, ვფიქრობ, თავიდანვე გარკვეული იყო. მამაჩემი კალათბურთის მწვრთნელია, ბებიაც ყოფილი კალათბურთელია, ამიტომ სპორტი და განსაკუთრებით კალათბურთი, ბავშვობიდანვე ჩემს
გარემოსა და ყოველდღიურობაში იყო. ოჯახის მხარდაჭერამ და
მაგალითმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ძალიან პატარა
ასაკიდანვე გამჩენოდა სიყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთი ჩემთვის უბრალოდ სპორტი კი არა, ცხოვრების ნაწილი გახდა და დღემდე ასეა.
– გახსოვთ ის ეტაპი, როცა გააცნობიერეთ, რომ კალათბურთი გატაცებაზე მეტი იყო და ცხოვრების წესად იქცა?
– ბურთთან პირველი შეხებისთანავე მივხვდი, რომ კალათბურთი ჩემთვის უბრალოდ გართობა არ იქნებოდა. იმ ასაკში, როცა ბავშვები ჯერ სწავლაზე ფიქრობენ, მე უკვე ვიცოდი, რომ
სპორტი ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნებოდა. ეს
გადაწყვეტილება ბუნებრივად მივიღე, თითქოს შინაგანად ვგრძნობდი,
რომ მოედანზე ვიყავი იმ ადგილას, სადაც საკუთარ თავს ყველაზე
ნამდვილად ვგრძნობდი. სწორედ მაშინ დავიწყე კალათბურთის არა
როგორც ჰობის, არამედ როგორც მიზნისა და ცხოვრების წესად აღქმა.
– სპორტში, პროფესიული გზის გავლა ხშირად რთულია. თქვენს შემთხვევაში, რა აღმოჩნდა ყველაზე სერიოზული გამოწვევა?
– როგორც ყველა სპორტსმენის კარიერაში, ჩემს გზაზეც არაერთი
სირთულე ყოფილა. ყველაზე რთული ალბათ ის პერიოდებია, როცა
შედეგი დაუყოვნებლივ არ ჩანს, თუმცა მაინც გიწევს ყოველდღე
მუშაობა და რწმენის შენარჩუნება. სპორტული ცხოვრება დიდ
დისციპლინას მოითხოვს – ყოველდღიური რეჟიმი, ვარჯიშები, სწორი
კვება და მუდმივი თვითკონტროლი. ხშირად, საჭიროა ბევრ რამეზე უარის თქმა.

– დღეს საკალათბურთო კლუბ „ბათუმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პასუხისმგებლობა და მიღწევა?
– ბათუმში თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან
აქ დავიბადე, გავიზარდე და კალათბურთის სიყვარულიც
სწორედ აქედან დაიწყო. „ბათუმის“ ფორმის ტარება იმ პატარა გიორგის
სურვილი იყო, რომელიც მამას დაჰყვებოდა თამაშებზე, მაგრამ ამავე
დროს, პასუხისმგებლობაცაა. მსურს, რომ ჩემი წვლილი შევიტანო
კლუბის წარმატებაში და ქალაქს დავუბრუნო ის, რაც მან წლების
განმავლობაში მასწავლა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ეს უკვე სრულიად სხვა ემოციაა. ქვეყნის სახელით რომ გამოდიხარ მოედანზე და ისეთი ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით თამაშობ, როგორიც ჩვენს ნაკრებს ჰყავს, გსურს, რაც შეილება დიდხანს იყო ამის ნაწილი და ყველა ძალისხმევა ჩადო ქვეყნისთვის. სპორტული მიზანი – ესაა პატივისცემა, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთო. ნაკრების ფორმა ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ შრომა, რაც წლების განმავლობაში ჩავდე კალათბურთში, დაფასდა, ამავდროულად, ვალდებულებაა, განვაგრძო განვითარება და ღირსეულად წარვადგინო საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.
– თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს წარმატებას სპორტში – ტიტულები თუ შინაგანი განცდა?
– ჩემი აზრით, ნამდვილი წარმატება სპორტში იწყება შინაგანი სურვილით, რომელიც გაძლევს ძალას, არ გაჩერდე. ტიტულები და გამარჯვებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ უნდა დაანახო საკუთარ თავს, რომ მაქსიმუმი გაეცი და შენ თავთან მიცემული პირობა
შეასრულე. ეს გრძნობა თუ გამოძრავებს, ყველაფერი სხვა ამ დროს
თავისთავად მოდის. სწორედ ამ შინაგანი სურვილით, მუდმივი ვარჯიშით და თავდაუზოგავი ძალისხმევით დგება შედეგი, რომელიც ჯერ პატარ-პატარა გამარჯვებებამდე, შემდეგ უკვე ტიტულებამდე მიგიყვანს. ჩემთვის სწორედ ეს კავშირია მთავარი – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა.
– არის თუ არა რაიმე პრინციპი ან წესი, რომელსაც კარიერაში არასოდეს ღალატობთ?
– დიახ არის – დისციპლინა მოედანზეც და მოედნის გარეთაც. ჩემთვის ეს მხოლოდ წესრიგი ან რუტინა არ არის, ეს არის დამოკიდებულება
ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, ყოველთვის ვიყო
ფოკუსირებული, პასუხისმგებლობიანი და ერთგული იმ მიზნებისა, რაც
დავისახე. როგორც ვარჯიშზე, ისე ცხოვრებაშიც მჯერა, რომ შედეგი
მოდის მაშინ, როცა ყოველდღე აკეთებ საჭირო საქმეს, მიუხედავად
იმისა, გინდა თუ არა. სწორედ ესაა ის წესი, რომელსაც არასდროს
ვარღვევ.

– რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი – ქალაქი, სადაც გაიზარდეთ თუ სივრცე, რომელიც თამაშში განსაკუთრებულ ენერგიას გაძლევთ?
– ბათუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში.
მოედანზე რომ ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აქ მივიღე ის საფუძველი, რომელიც მაძლევს, თავდაჯერებულობას, მოედანზე ვაკეთო ის, რაც მიყვარს.
– რა გაძლევთ ძალას მაშინ, როცა ემოციურად რთულ პერიოდს გადიხართ – წაგების, ტრავმის ან გადაღლის დროს?
– რთული მომენტები სპორტში ყოველთვის არის. წაგება, ტრავმა ან
უბრალოდ, გადაღლა, ამ გზის ნაწილია. ასეთ დროს ყველაზე დიდ
მოტივაციას მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ამდენი წლის შრომა არ უნდა
აღმოჩნდეს ამაო. ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რატომ დავიწყე ეს
გზა, რაც მეხმარება, არ დავკარგო ფოკუსი და ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდე საკუთარ ფორმას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ გყავს გვერდით. მათი მხარდაჭერა და რწმენა მაძლევს ძალას, რომ ყოველი სირთულე გადავაქციო ახალ სტიმულად და დავბრუნდე მოედანზე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვიყავი.

– რას ურჩევდით ბავშვებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კალათბურთში?
– პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გულით
უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. კალათბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტი, მოითხოვს შრომას, მოთმინებას და დროს, მაგრამ
თუ ეს საქმე გიყვარს, ყველაფერი მარტივდება. არ უნდა ეშინოდეთ
სირთულეების, რადგან სწორედ ეს აყალიბებს ნამდვილ სპორტსმენს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეუშინდნენ შეცდომების
დაშვებას, სწორედ შეცდომებზე სწავლა გვაძლევს გამოცდილებას, რაც
ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტში, როგორც წარმატება.
– რა არის ის მაქსიმუმი, რომლის მიღწევაც გსურთ?
– მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც უკვე საერთაშორისო დონეზე დამკვიდრდა და ბევრისთვის მაგალითია. ჩემი მაქსიმუმი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტიტულებით ან პირადი მიღწევებით, მთავარი არის მუდმივი განვითარება, მაღალ დონეზე თამაში და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც თან ვატარებ გუნდსა და ნაკრებში. მსურს, ჩემი ენერგია და გამოცდილება სხვა ადამიანებსაც გავუზიარო, ვაჩვენო, რომ თუ გულით გიყვარს ის, რასაც აკეთებ, თუ არასოდეს ნებდები, შესაძლებელია ყველაფრის მიღწევა. ეს არის ჩემი მიზანი, რომელიც ყოველდღე მიბიძგებს წინსვლისკენ და მეხმარება ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში.
ნანა აბულაძე