აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს
By

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ვიზიტი რეგიონული ტურნეს ნაწილია. „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ვიზიტს გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მისასალმებელია.
„ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. თუ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობენ, ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა გამოცემა „ჰილსის“ სტატიასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც, „ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“. სტატიის თანახმად, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
ლევან მახაშვილის განცხადებით, სტივ ნიკანდროსის საქმიანობის შესახებ მას წარსული გამოცდილებიდან გარკვეული ინფორმაცია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მისი მოტივები მისთვის უცნობია.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობიდან გამომდინარე, ამ ადამიანის თაობაზე ვიცი. რამდენადაც მახსოვს, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა და არაერთი განცხადება ჰქონდა გავრცელებული. არ ვიცი, ამ ადამიანს ახლა რა მიზანი ამოძრავებს და როგორ არის ჩართული ამ პროცესში. თუ ის ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მომხრეა, ამას მივესალმებით, რადგან აუცილებელია, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მისივე თქმით, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ ლობირების შესახებ დასაზუსტებელია, თუმცა თავად გამოცემის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება.

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *