გაიხსნა ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფები
By

გაიხსნა ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფები

ბათუმში გამოჩენილი ქართველი მუსიკოს-აკომპანიატორების ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფები გაიხსნა. ცერემონიას მათი კოლეგები, მეგობრები, ახლობლები დაესწრნენ არა მარტო ბათუმიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც. ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნეული ცენტრი იყო.

საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორი, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენისა და საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენის კავალერი ენვერ ღოღობერიძე მელიტონ კუხიანის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ასევე, ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმში“ და სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხორუმში“ მოღვაწეობდა. ის არაერთი ორდენითაა დაჯილდოებული.

რაც შეეხება მუსიკოს-აკომპანიატორ ბეხრი გოგიბერიძეს, ის 1956 წლიდან მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობდა, მინიჭებული აქვს საქართველოსა და აჭარის დამსახურებული არტისტის წოდებები, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები.

მემორიალური დაფების გახსნის შემდეგ, ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის აღზრდილები, ცნობილი მუსიკოს -აკომპანიატორები მერაბ ქედელიძე, ზაურ ბოლქვაძე და გია მელაძე საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორის საპატიო წოდებით დააჯილდოვეს, ქართული საცეკვაო ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით – ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ბათუმის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენოსანი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ენვერ ხაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, აჭარის დამსახურებული არტისტი ნუგზარ მიქაძე, ქართული ფოლკლორის განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საპატიო სიგელი კი აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსს, აჭარის კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს მადონა თევზაძეს გადაეცა.

– ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით, ორი სახელოვანი მუსიკოსის – ენვერ ღოღობერიძისა და ბეხრი გოგიბერიძის მემორიალური დაფები გაიხსნა. დღეს აქ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ მათ ნიჭსა და ხელოვნებას, ღვაწლსა და ამაგს. ეს დიდი დაფასებაა, დასტური იმისა, რომ მათ მიერ ნაყოფიერად განვლილ გზას დავიწყება არ უწერია, – აღნიშნა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა უშიკიშვილმა.

– ჩემი თაობის მოცეკვავეები ბავშვობიდან ამ ადამიანების ხელში ვიზრდებოდით. ისინი განსაკუთრებულები იყვნენ როგორც ხელოვნებაში, ისე, პირად ცხოვრებაში. უნდა ვამაყობდეთ, რომ ბათუმს, აჭარას, საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბატონები ენვერი და ბეხრი. დიდი მადლობა მათ, – თქვა ენვერ ხაბაძის სახელობის აკადემიური ანსამბლ „ბათუმის“ მთავარმა ქორეოგრაფმა შალვა გოგუაძემ.

– ბედნიერი და ამაყი ვარ, ბატონი ენვერი ჩემთვის არა მხოლოდ მზრუნველი ბაბუა იყო, არამედ მეგობარი, ძმაკაცი, მასწავლებელი. დღეს რომ გარმონზე დაკვრას ვეუფლები, ეს ბაბუს დიდი დამსახურებაა, – გვითხრა ენვერ ღოღობერიძის შვილიშვილმა გიორგი ღოღობერიძემ.

– ემოციებით, სიამაყით, სიხარულით სავსეა დღეს ჩემი გული. დიდი მადლობა ყველას, რომ მამა 29 წლის შემდეგაც ისე დააფასეს, როგორც სიცოცხლეში. მე მისი უფროსი ქალიშვილი ვარ, ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამა იყო, – აღნიშნა ბეხრი გოგიბერიძის შვილმა მანანა გოგიბერიძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *