აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი იუბილარია
By

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი იუბილარია

20 წელი გავიდა აჭარის საგვარეულო კავშირის დაარსებიდან. ჩვენი სტუმარია კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე.

– კავშირის დაფუძნება აჭარაში არსებული ქართული გვარების წარმომავლობის ისტორიის შესწავლამ განაპირობა. ოსმალთა ბატონობამ, სხვა კატაკლიზმებმა, მოსახლეობის მიგრაციამ მრავალი გვარის წარმომადგენელსა დგილის დედა დაავიწყა. ჩვენი საქმიანობის მიზანია, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ ნათესაური ურთიერთობები აჭარაში მცხოვრებ და ქვეყნის სხვა კუთხეებსა და უცხოეთში გადასულ მოგვარეებს შორის. უკვე კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა აქ მცხოვრებ ფუტკარაძეებს, გოგაძეებს, ბოლქვაძეებს, დუმბაძეებს, დიასამიძეებს, ქათამაძეებს, დავითაძეებს სხვაგან გადასულებთან. დადებითი შედეგი მოგვცა საგვარეულო შეკრებებმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის მიერ გვარების დალოცვამ. 21-ე საუკუნეში ურთიერთობები განამტკიცეს შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთში მცხოვრებმა ჭაღალიძეებმა, შარაშიძეებმა და გურიაში მცხოვრებმა ინწკირველებმა. ხიჭაურის დასახლებაში საქართველოს საპატრიარქოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის გახსნამ კიდევ უფრო დააკავშირა და ნათესაური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ და სხვა კუთხეებიდან სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს.

– რა წყაროებით ფინანსდება კავშირის ბიუჯეტი?

– ჩვენი ბიუჯეტი მოკრძალებულია, მეტწილად, საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობთ. ბიუჯეტს გამგეობის წევრები, წევრთა შემოწირულობები, ქველმოქმედი პიროვნებების თანადგომა ასაზრდოებს. ჩვენი ორგანიზაცია აპოლიტიკურია.

– დაგვისახელეთ პროექტები, რომლებიც თქვენი კავშირის ინიციატივით განხორციელდა.

– ჩვენი ინიციატივითა და საქმიანობით პატივს მივაგებთ ღირსეული მამულიშვილების ნათელ ხსოვნას. საზოგადოებას შევახსენებთ მათ ღვაწლს ერის, ქვეყნისა და კუთხის წინაშე. ჩვენგან წამოვიდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145 წლისთავის აღნიშვნის ინიციატივა. თარიღი რატომღაც აღარ ახსოვდათ. კავშირის წევრ თამარ ხოზრევანიძის ორგანიზებით, საინტერესო შეკრება გვქონდა ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში. ყურადღებისა და თანადგომის გარეშე არ ვტოვებთ ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს. ღონისძიებებში ჩართულია ა(ა)იპ „მწიგნობარი“. შარშან ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის ბავშვთა ცენტრ „თანას“ ვესტუმრეთ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გული გავუხარეთ. ერთობლივი საღამო გავმართეთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. ჩვენი ჩართულობით, დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღუნიშნეს სახალხო განათლების ამაგდარს, გაზეთ „აჭარის“ („საბჭოთა აჭარის“) ყოფილ რედაქტორ ვახტანგ წულუკიძეს. საქმიანი ურთიერთობები წამოვიწყეთ თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენებურებთნ. კიდევ მეტის გაკეთებას ვაპირებთ ეროვნული ღირებულებების წარმოჩენა-დაცვისთვის. მხარს ვუჭერთ პოეტ გულო გაბაიძის წამოწყებას „ვეფხისტყაოსანი“ ხელიდან-ხელში“. უკვე რამდენიმე სკოლაში გაიმართა ღონისძიებები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან დაპირისპირებით პრობლემებსაც ქმნიან. თქვენი კავშირის პოზიცია როგორია?

– დაარსებიდან 20 წელს ვითვლით და ხელისუფლებასთან დაპირისპირება არავის გვახსოვს. ეროვნულობაზე, წარსული დიდების აღდგენაზე როცა ვფიქრობთ, ხელისუფლებასთან დასაპირისპირებელი რა გვაქვს.

– თქვენი კავშირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობაშიც არის ჩართული. . .

მე დიდაჭარელი ვარ. ქართულ ჭიდაობაში „დიდაჭარის თასი“ რომ თამაშდება, პასიური როგორ უნდა ვიყო. კავშირის წევრთა უმრავლესობა ზრუნავს სპორტის ეროვნული სახეობის განვითარებისთვის.

– სოფლის ღირსეულ შვილთა საქმიანობის წარმოსაჩენად რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

– პირველ რიგში, იმ ღონიძიებებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებსაც ბათუმსა და რაიონებში ღირსეული ადამიანების უკვდავსაყოფად ვატარებთ. მეკეიძებელი ნოდარ (სპარტაკ) ვანაძის უკვდავსაყოფად დაწესდა ღია პირველობა ნარდში, რომელიც ღორჯომში იმართება. იგი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის კალენდარულ გეგმაშიც შეიტანა. კავშირის გამგეობა ინიციატივით შევა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან, რომ სოფლებში ღირსეული პიროვნებების უკვდავსაყოფად ნიშნულები გაკეთდეს. ვსარგებლობ თქვენი გაზეთით და საჯაროდ მადლობას გადავუხდი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე, ღირსეული პიროვნებების საქმიანობა საპატიო წოდებების მინიჭებით დააფასეს.

– დაწყებულია მოძრაობა ღირსეული მამულიშვილის სტეფანე ქემხაძის ბიუსტის დასადგმელად. . .

– ეს ეროვნული საქმეა. თაობებმა უნდა იცოდნენ ამ მამულიშვილის შესახებ. იმ ადამიანების შთამომავლებმა, რომლებსაც ჩამოხრჩობა ჰქონდათ მისჯილი, პატივი უნდა მიაგონ მათი წინაპრების მხსნელ სტეფანე ქემხაძეს. ასეთ ინიციატივებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ. ამ დღეებში შეკრება გვექნება, კავშირს 40-მდე ახალი წევრი ემატება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება ჩვენს საქმიანობას აფასებს.

– როგორც აღნიშნეთ, საქმიანი ურთიერთობები გაქვთ თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენებურებთან.

– კავშირის წევრია ქალბატონი მერი დიასამიძე. იგი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობას კოორდინირებს. მას, როგორც ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, სტამბოლში კარგად იცნობენ. ჩვენი კავშირის 10-მდე წევრი მონაწილეობდა ტრაპიზონში ქართული კულტურის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში, სადაც სიტყვითაც გამოვედი. თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობები სხვადასხვა ღონისძიებით გრძელდება. ჩვენი ჩართულობით, რამდენიმე ქართველმა წინაპრების გვარი დაიბრუნა.

– დააარსეთ ჟურნალი „მამულიშვილი“. განახლდება მისი გამოცემა?

– საწყის ეტაპზე ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოდიოდა. კავშირის გამგეობის წევრთა ინიციატივით, განახლდა სარედაქციო კოლეგია. ჟურნალის გამოცემის საქმე მწერალმა შაქრო ჩიკვაიძემ ითავა.

 ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *