საკანონმდებლო ცვლილებები ბრიუსელის კრიტიკა და პოლიტიკური დაპირისპირება
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ის ვერ დაუჭერს მხარს მთავრობას, რომელიც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს“.
მარტა კოსმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო შორდება.
„ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა, არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით“, – აღნიშნა კოსმა.
საქართველოს საკითხზე განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამაც. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეშფოთებას იწვევს და დამატებით საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს.
„ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს“, – განაცხადა ცაჰკნამ.
ბრიუსელიდან გაჟღერებულ კრიტიკას თბილისში მმართველი გუნდის მკვეთრი პასუხი მოჰყვა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.
„ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როდესაც არა მარტო ჩვენი ოპონენტები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა იმართებოდეს და დაფინანსდეს ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება ამ კონტექსტში „წარმოუდგენელია“.
„იმის ნაცვლად, რომ ითანამშრომლონ და ელემენტარული მოთხოვნა შეასრულონ – საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხა შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება, პირდაპირ გეუბნებიან, რომ კანონის გვერდის ავლით შემოიტანენ რესურსს. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს, როდესაც ეს თანხა საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. ასეთ პირობებში კანონის მიღება აუცილებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა ასევე განმარტა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკური თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ეხება იმ პირებს, რომლებიც, მისი თქმით, უცხოური დაფინანსებით ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში იყვნენ ჩართული.
„ფული შემოიტანეს იმისთვის, რომ ქვეყანას დაუპირისპირდნენ და რევოლუცია მოეწყოთ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვლება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის: „გრანტების შესახებ“ კანონში. ცვლილებებით ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური სახსარი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად, ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების ან შეცვლის მიზნით, ასევე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით იქნება შესაძლებელი. წესების დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ითვალისწინებს. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას მიიღებენ.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონშიც, რომლის მიხედვით, პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან მოდის, პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში ეკრძალება.
ასევე, იგეგმება მეწარმე სუბიექტების საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ცვლილებები – არასამეწარმეო საქმიანობასთან შეუსაბამო პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 20 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 40 000 ლარით.