შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის დუმილი ძალადობას ახალისებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები ევროკავშირის და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის პოზიციის არქონისა და დუმილის შედეგია. მისი შეფასებით, სწორედ ეს დუმილი ქმნის გარემოს, სადაც ძალადობრივი ქმედებები ლეგიტიმაციის განცდას იძენს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას“. მისი თქმით, დღეს ძალადობრივი ჯგუფები „სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით ხელში იძალადონ, რომ ამის ლეგიტიმაციას ბრიუსელი აძლევს“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არა მხოლოდ დუმილი, არამედ „უარესი – ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან ხელისუფლების დამხობის სცენარის მხარდაჭერა“ იყო. პაპუაშვილის შეფასებით, „კატასტროფაა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა“, რაც, მისი თქმით, „ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს“.
შალვა პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ ფაქტებზეც და აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ვერ გაბედეს ძალადობის ცალსახად დაგმობა. მისი თქმით, „რატომ ერთხელ მაინც არ დაგმო ევროკავშირის ელჩმა პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხსა და მის მცირეწლოვან შვილებზე თავდასხმა?“ და რატომ არ თქვეს „ერთი მარტივი წინადადება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიუღებელია“?
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, საუბრობს უცხოური დაფინანსების თემაზე და აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედებს „საერთაშორისო თაღლითური სქემები“, რომელთა მიზანი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაა. პაპუაშვილის განმარტებით, „ყალბი ენჯეოები რეგისტრირდებიან როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები“, რათა უცხოური პოლიტიკური ფული საქართველოში ფარულად შემოვიდეს.
მისივე თქმით, „უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, რადგან ეს „არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის ევროკავშირის რეპუტაციასაც“. პაპუაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მანდატი მისცა, დაერეგულირებინა ეს საკითხი და 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს. მისი განცხადებით, „მნიშვნელობა არ აქვს, ფული რუსულია, გერმანული, ფრანგული თუ ევროკავშირული – არცერთ უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“.
პარლამენტის თავმჯდომარე აკრიტიკებს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურების ინიციატივასაც და აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატები „ქართველი ხალხის დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად“ გამოიყენება. მისი თქმით, საქართველო მზად არის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, თუმცა „მუქარასა და შანტაჟს დიალოგი არ შეიძლება ერქვას“.
პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას „დასამალი არაფერი აქვს“ და მზად არის, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებს გამოძიების მასალებზე წვდომა მისცეს, თუმცა, ამ დრომდე, „საქართველოს ხელისუფლებისთვის არცერთ საერთაშორისო სტრუქტურას ოფიციალურად არ მიუმართავს“.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასავლური სტრუქტურების ნაწილი და მედია ორგანიზაციები, მათ შორის BBC, ავრცელებენ „სიყალბესა და ცილისწამებას“, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება. მისი თქმით, 4 ოქტომბერს „ყველაფერი თვალნათელი იყო“, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები ბრიუსელიდან სოლიდარობის განცხადებებით, ფაქტობრივად, წახალისდა.