რატი იონათამიშვილი: ანტიდემოკრატიულ მცდელობებს დემოკრატიული პასუხი ექნება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროცესების დისკრედიტაციას და კანონისთვის გვერდის ავლას.
იონათამიშვილის თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებიდან ნათლად გამოიკვეთა მისი საჭიროება, რადგან „რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ კანონს, რათა დაფინანსება მიიღონ და ეს დაფინანსება იმ საქმიანობას მოახმარონ, რომლის თაობაზეც ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს“. მისივე განცხადებით, „ყოველ ანტიდემოკრატიულ მცდელობაზე დემოკრატიული პასუხი გვექნება“.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა განათლების რეფორმის გარშემო არსებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმართ შინაარსობრივი შენიშვნები არ ისმის. მისი თქმით, „განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის“, ხოლო კრიტიკა მოდის იმ ჯგუფებისგან, „რომლებიც ყოველ ჯერზე, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ“. იონათამიშვილის განცხადებით, „როცა მშვიდობას ვიცავთ – ომის მხარეს დგებიან, ხოლო განათლების რეფორმის დროს -გაუნათლებლობის მხარეს“.
რატი იონათამიშვილი ასევე შეეხო პოლიტიკურ დებატებს და აღნიშნა, რომ დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, „ვინც საკუთარ არგუმენტებზე მყარად დგას, დებატებს არასოდეს გაურბის“, ხოლო „ვინც დებატებიდან გარბის, სინამდვილეში პოლიტიკიდან გარბის“. პარლამენტარის შეფასებით, რიგი რადიკალური ჯგუფები „არ არიან პოლიტიკური პარტიები, არამედ არიან პოლიტიკური პროექტები“, რომლებიც დებატებში მონაწილეობას თავს არიდებენ.
იონათამიშვილმა განსაკუთრებით გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ და განაცხადა, რომ ეს პარტია „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მოემზადოს“, რადგან მისი შეფასებით, პარტიის საქმიანობა „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და უმძიმეს დანაშაულებს უკავშირდება“. მისივე თქმით, სწორედ ამ ძალების მოქმედებები ბლოკავდა „პოლარიზაციის პირობებში ჯანსაღ დებატებს“, რადგან ისინი „სიძულვილისა და ზიზღის მხარეს იდგნენ“.