„გახარია- საქართველოსთვის“ – დებატებზე უარი „ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნო შეცდომაა
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და პოლიტიკური ძალა ყოველთვის მზად არის საჯარო და ღია დისკუსიისთვის. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ამ პოზიციის გამო იმყოფებიან დღეს პარლამენტში.
პარტიის შეფასებით, მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო პერიოდში თავად თქვა უარი დებატებზე, როდესაც განსხვავებული აზრისთვის „ქართული ოცნების“ მედიასაშუალებები დაიხურა და „პროპაგანდისტულ ტელეარხებად“ იქცა. ამასთან, „გახარია – საქართველოსთვის“ მიესალმება დებატების გახსნას ხელისუფლებასთან ასოცირებულ არხებზე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განსაზღვრავს.
პარტიის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მიერ 2 თებერვალს შეთავაზებული დებატების ფორმატი, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების გარდა, „სატელიტი პარტიების“ მონაწილეობაა გათვალისწინებული, „დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა“.
„თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“, – აცხადებენ პარტიაში.
„გახარია – საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ერთ-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში, პირდაპირ ეთერში დაუჯდეს დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველა აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიზიაში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 თებერვალს განაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.