საერთაშორისო პოლიტიკა არაგეგმაზომიერად ვითარდება
მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით სასიკეთოდ არაფერი იცვლება: ომი, აგრესია, ეკონომიკური ექსპანსია, ეთნოწმენდა განპირობებულია გავლენის სფეროების დაუფლების დაუოკებელი სურვილით. ძველი მსოფლიო წესრიგი იშლება და ყალიბდება ახალი, რომლის კონტურები ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა ერთი რამ ცხადია – რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო შედეგი უამრავი ქვეყნის მომავალს გადაწყვეტს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე.
– რას გვეტყვით დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე?
– საერთაშორისო ურთიერთობებსა და, ზოგადად, პოლიტიკაში საკმაოდ რთული სიტუაციაა, მსოფლიო წესრიგი მოიშალა, რასაც ემატება გლობალური საკითხები: მძაფრი დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებზე. ასევე, აღსანიშნავია ფარული დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროკავშირს და, მეორე მხრივ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკა არაგეგმაზომიერად ვითარდება და ძალიან რთულია თქვა, ხვალ ან ზეგ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, თუნდაც ირანში. . .
– ორ თვეზე მეტია, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობაა, რა გაცხადდა ამ მიმართებით?
– ირანში პროცესები შეიძლება ძალიან რთულად განვითარდეს, ეს ძალიან პრობლემური ქვეყანაა. მოგეხსენებათ, რომ აშშ-მა რამდენიმე თვის წინ განახორციელა იერიშები ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა. ამან ძალიან იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე. გარდა ამისა, ირანის ეკონომიკა განადგურებულია, წარმოუდგენელი მასშტაბის ინფლაციაა. ვფიქრობ, აშშ და რეგიონში მისი პარტნიორი – ისრაელი მაქსიმალურად შეეცდებიან, ირანში გარკვეული დესტაბილიზაცია განვითარდეს და, ზოგადად, იქ არსებული მძიმე ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი საკითხები შეიცვალოს. რამდენად შეძლებს ამას აშშ უსისხლოდ და რამდენი ადამიანის რესურსის დაკარგვით, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ არსებულ მოვლენებს თუ შევაფასებთ, არაოფიციალურად საუბარია 30 ათასამდე ადამიანის დანაკარგზე, რაც ირანში მიმდინარე მოვლენებს მოჰყვა.
– ძირითადად, აშშ–ს რა მიზანი ამოძრავებს ირანში?
– ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი არის ,,ოპეკის“ ანუ ნავთობის მაქსიმალური კონტროლი და ე. წ. შავი ხვრელების ამოვსება, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ვაჭრობაში აქტიურად არის წარმოდგენილი, რაც აშშ-ის ინტერესებს აზიანებს, ანუ ბრძოლა მიდის შავი ოქროსთვის, რისი საუკეთესო მაგალითებია თუნდაც ჯორჯ ბუში უფროსის და ჯორჯ ბუში უმცროსის პოლიტიკური ქმედებები, საომარი მოქმედებები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში – ერაყსა და ქუვეითში სხვადასხვა პერიოდში განვითარდა. ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, რომ ერაყმა (აღარაფერს ვამბობ ავღანეთზე), სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ, დღემდე ვერ მოახერხა ელემენტარული თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების და სხვადასხვა პრობლემური საკითხის დაძლევა, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რომელიც ჰეგემონურ სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოძრავებს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, ვინ არიან ამ პროცესის გამარჯვებულები?
– ცალსახად, რა თქმა უნდა, გამარჯვებული არის აშშ, ეს აშკარაა! მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძნელი სათქმელია, როგორ შეინარჩუნებს აშშ ვენესუელაში ნავთობის მომპოვებელ და ტრანზიტის კომპანიებთან ურთიერთობას, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო სამართალი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს და მსგავსი ქმედებების განხორციელების უფლება თუ ენიჭება ერთ ზესახელმწიფოს, ეს საფუძველს აძლევს სხვა ჰეგემონურ გზაზე მყოფ დიქტატორულ სახელმწიფოებს, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელონ. აქ, ცხადია, ვგულისხმობ რუსეთს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და, ზოგადად, სფეროების გადანაწილება, ეს თვით ტრამპის განცხადებებშიც გამოიკვეთა, თუნდაც გრენლანდიასთან დაკავშირებით.
– თქვენ რუსეთი ახსენეთ და რამდენად მოსალოდნელია, კრემლმა ან სხვა სახელმწიფომ, აშშ–ის მსგავსად, რომელიმე ქვეყნის ლიდერი დააკავოს?
– ამ მიმართებით იყო მოწოდება, რამდენიმე სახელმწიფომ დააყენა ეს საკითხი. შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს ორი წლის წინ აქვს გამოტანილი განაჩენი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის. მას, როგორც ცნობილია, დაუდგინდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული – საუბარია დაახლოებით 20 ათას უკრაინელ ბავშვზე, ისინი რუსეთის ჯარისკაცებმა გაიტაცეს, მაგრამ აღსრულების საკითხი არის საეჭვო. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინი ძალიან აქტიურად გადაადგილდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპელმა ლიდერებმაც რიტორიკა შეცვალეს პუტინთან მიმართებით, საუბრობენ ურთიერთობის აღდგენაზე, რუსეთი მოიხსენიეს ევროპულ ქვეყნად და ა. შ. მსგავსი ორმაგი თამაშები, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ ფონს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფოს ძალიან ფრთხილი, პრაგმატული, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს სამომავლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის მთავარი მონაპოვარი – დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს, ანუ არ მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვა!
– ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აგრესია ამ საუკუნის თანმდევი მოვლენა გახდა, ეს რისი მანიშნებელია?
– როგორც აღვნიშნე, მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი მოიშალა, ის მანამდეც არაერთხელ შეიცვალა. სამწუხაროდ, სუვერენიტეტის ცნება აღარ არსებობს და დიდ სახელმწიფოებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საკუთარი შეხედულებებისამებრ… რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, უმართებულო. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, სამართლებრივი ინსტიტუტები უძლურნი არიან იმ რიგი ქმედებების აღსაკვეთად, რასაც ზესახელმწიფოები აკეთებენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. თუნდაც, ავიღოთ იგივე გრენლანდიის საკითხი, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია. ფაქტობრივად, მისი მომავალი ანუ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს სუვერენიტეტი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. გამოდის დიდი სახელმწიფო (აშშ) და ამბობს, რომ თავისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, სურს გრენლანდიის დასაკუთრება. აქ უმთავრესი ფაქტორი დასწრების პოლიტიკაა, დღეს თუ იქ ჩემი დროშა არ ავაფრიალე, ხვალ შეიძლება ჩემი მეტოქე (სკანდინავიის ამ ნაწილში) გახდეს მისი მფლობელი. აქ აშშ ჩინეთს და რუსეთს გულისხმობს.
– ამას წინათ აშშ–ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს “ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც საქართველო არ დაპატიჟა, რას ფიქრობთ?
– საქართველოს არმიწვევა ამ ფორუმზე, რა თქმა უნდა, არასტაბილური დიპლომატიური ურთიერთობების შედეგია, ჩვენს ქვეყანას და აშშ-ს შორის დიდი ხანია დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს, შეგახსენებთ, რომ აშშ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და რომლის ძალისხმევის შედეგად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) აღიარება დაიბლოკა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია! მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ელჩი დავნიშნეთ, ჩვენს სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი… დღეს საქართველო არ არის ამ აქტუალურ პროცესებში ჩართული, ჩემი აზრით, ეს არ არის მოსაწონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამის გამო ისტერიკაში უნდა ჩავვარდეთ. ვფიქრობ, სამომავლოდ უნდა შევძლოთ დასავლურ სახელმწიფოებთან, ასევე აშშ-სთან გარკვეული კომპრომისები. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის!
– თუ ელით ურთიერთობების დათბობას აშშ–სა და საქართველოს შორის?
– ამ ურთიერთობების მოკლე პერიოდში მოგვარება მარტივი არ იქნება, აქ არიან პოლიტიკოსები, ცალკეული სუბიექტები, ძალიან მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანები, რომლებიც სანქცირებული, ან კიდევ პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებული დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, სენატმა მიიღოს ე. წ. მეგობარი აქტი. ეს საკითხები პოლიტიკურ წრეებში აქტუალურია. ურთიერთობები რომ დალაგდეს, ხელისუფლება უნდა წავიდეს გარკვეულ მოლაპარაკებებზე, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დასავლეთში მყოფმა ჩვენმა პატრონიორებმა ნაკლები კითხვები დასვან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც ისინი ჩვენ ხშირად გვახსენებენ. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომლის დაძლევას ვერ შევძლებთ. დროთა განმავლობაში საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გამოსწორდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე საქართველოს გაუჭირდება საკუთარი ინტერესების დაცვა საერთაშორისო არენაზე.
– დაბოლოს, რუსეთ–უკრაინის ომი განსაზღვრავს თუ არა მსოფლიოს ახალ წესრგს?
– რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი, გარკვეულწილად, განსაზღვრავს მსოფლიოს ახალ წესრიგს. ამ ომის დასრულების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუ მიმდინარე პროცესებს და უახლოეს წარსულს ანალიტიკოსის თვალით შევხედავთ, მართებულ დასკვნასაც გამოვიტანთ. გავიხსენოთ, თუნდაც 2007 წლის კოსოვოს აღიარების შემდეგ რა ცვლილებები მოხდა მსოფლიოში, ეს ცვლილებები ცუდად შეგვეხო ჩვენ! რეგიონში ძალიან რთულად ვითარდება პროცესები, გეოგრაფიულად ახლოს ვართ ირანთან, ამიტომ პოლიტიკურად არასწორი ქმედებები და ნაბიჯები ჩვენს სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება!
ლაშა ხომერიკი