საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე – მომავალში“ განახლდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე -მომავალში“ განახლდა. წელს კამპანიას შეუერთდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში,მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრებს VI-IX კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. ანტინარკოტიკული კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს. მისი მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.