ბათუმი ნათია ზეინკლიშვილს მოეფერა
ბათუმის ხელოვნების ცენტრში კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელზეც ოცამდე მუსიკალური ნომერი შესრულდა. მათგან მეტი წილი კარგად ნაცნობი მელოდიები გახლდათ, შედგა სამი სიმღერის პრემიერაც.
კომპოზიტორი ორმოცდაათზე მეტი ქალაქური სიმღერის ავტორია, რომლის ტექსტების ავტორი ძირითადად, მანანა სიამაშვილი იყო, ასევე არის ირინა სანიკიძე. მას ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზეც აქვს შექმნილი სიმღერა. ნათია ზეინკლიშვილს გაფორმებული აქვს რამდენიმე სპექტაკლი, მათ შორის, გოჩა კაპანაძის „ძუნწი“ (რუსთაველის თეატრი) და ნიკოლოზ შველიძის „უჩინმაჩინის ქუდი“.
ეს კომპოზიტორის მეორე საღამო იყო, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, კვარტეტი „ჰერიო“, მომღერლები გიორგი მეფისაშვილი, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, დუდა კობახიძე, ზაალ გოგუაძე ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით და სხვები. საღამო მიჰყავდათ ნუკა მარგველაშვილსა და ზაზა გოგუაძეს.
კონცერტი პროექტის „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026-ის“ ფარგლებში გაიმართა. ამ პროექტის, ეგიდით, ბათუმში ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები იმართება. ბათუმმა უკვე ათამდე საღამოს უმასპინძლა.
ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო ამაღლებულ ნოტზე დამთავრდა და ამაში „დამნაშავე“ ანსამბლი „ალილო“ გახლდათ, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა ყველასთვის საყვარელი სიმღერა „მათქმევინე“…
– ბათუმი გამოცხადდა საქართველოს კულტურის დედაქალაქად, მიხარია, რომ ამ სტატუსის ფარგლებში, ჩვენი ქალაქი ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით საღამოებს მასპინძლობს. ამჯერად ნათია ზეინკლიშვილია ჩვენი სტუმარი. სხვათა შორის, ჩემი და „ალილოს“ ურთიერთობა ქალბატონი ნათიას სახელს უკავშირდება. დღევანდელი საღამოს და ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, პირადად, მინისტრ თინათინ რუხაძეს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს, – გვითხრა მომღერალმა აჩიკო ბერიძემ.
– ქალბატონ ნათიას დიდი ხანია ვიცნობთ, ოჯახებითაც ვმეგობრობთ. ის არა მარტო საოცარი კომპოზიტორი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. მისი ყველა სიმღერა ძალიან ცნობილი და საყვარელია, არ შეიძლება ადამიანი გააჩერო და რომელიმე მელოდია მაინც არ წაიღიღინოს. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმღერები ცოცხლობს და უყვართ. ვულოცავ მას კიდევ ერთ არაჩვეულებრივ დღეს და მიხარია, რომ მეც ვმონაწილეობდი კონცერტში, თან ორი უსაყვარლესი სიმღერაც შევასრულე, – გვითხრა მომღერალმა დათუნა სირბილაძემ.
– ნათია ზეინკლიშვილი ისეთი მუსიკოსების ოჯახიდან არის, თითით საჩვენებელი რომ იყო. მისი მამა თენგიზ ზეინკლიშვილი -უნიჭიერესი ბარიტონი, თბილისის ოპერის თეატრში მუშაობდა. მისი სიმღერის მადლი შვილს გადაეცა. სასიხარულოა, რომ პროექტი „ბათუმი -საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ კვლავაც გრძელდება, – აღნიშნა ქორმაისტერმა ქათევან მანელიშვილმა.
– ისეთი სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს საღამო, რომ ამ ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ღვთის წყალობით, კარგად ჩაიარა. ჩვენ მასში მთელი გული და სიყვარული ჩავდეთ, სამი ახალი სიმღერის პრემიერაც გაიმართა. ვფიქრობ, მსმენელმა კარგად მიიღო, რაც ძალიან მახარებს, – გვითხრა ნათია ზეინკლიშვილმა.
მანანა ძიძიშვილი