რუსეთის თავდასხმები და დასავლეთის რეაგირების გეგმა
უკრაინამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა „ევროპისა და აშშ-ის კოორდინირებულ სამხედრო პასუხს“ გამოიწვევს. Financial Times-ის ინფორმაციით, გეგმა დეკემბერ–იანვარში უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის არაერთხელ განიხილეს და ის „მრავალდონიან რეაგირებას“ ითვალისწინებს.
გეგმის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რეაგირება „24 საათის განმავლობაში“ დაიწყება დიპლომატიური გაფრთხილებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უკრაინის არმიის ქმედებებით. თუ ეს ნაბიჯები ეფექტიანი არ იქნება, პროცესის მეორე ფაზა გულისხმობს „ე.წ. მსურველთა კოალიციის“ ინტერვენციას, ხოლო ფართომასშტაბიანი ესკალაციის შემთხვევაში, დასავლეთის, მათ შორის აშშ-ის სამხედროების, „კოორდინირებული რეაგირება 72 საათის შემდეგ“ განხორციელდება.
ამ ფონზე, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ვიზიტის ფარგლებში რუტემ სიტყვით მიმართა უკრაინის უმაღლეს რადასაც.
გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, თუმცა რუსეთის ქმედებები საპირისპიროს აჩვენებს.
„რუსეთი თავდასხმას აგრძელებს… ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულ განწყობას ადასტურებს“, – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და არ დაუშვებს წარსულის შეცდომების გამეორებას.
„არც უკრაინას და არც მის მეგობრებს მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი ან კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება არ სურთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ „ნატო წლების განმავლობაში უკრაინის გვერდით იდგება“, რადგან „თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“.